პირველი ელექტრონული კონსტრუქტორები საქართველოში შეიქმნება

მიზანდასახული ადამიანები ამტკიცებენ, რომ წარმატების მიღწევა რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

ამ მოსაზრებას კონკრეტული მაგალითები კიდევ უფრო ამყარებს. ლევან გაბისონიამ საკუთარი საქმე ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში წამოიწყო. მან შექმნა აკადემია, რომელიც დღეს საქართველოში უკონკურენტო და ერთადერთია.

UG-LIMES მოსწავლეებს რობოტექნიკისა და ელექტრონიკის შემსწავლელ კურსებს სთავაზობს. 21 წლის ლევან გაბისონია მიიჩნევს, რომ წარმატების სხვისთვის გაზიარება და საკუთარი ბიზნესისტორიის საზოგადოებისთვის გაცნობა მნიშვნელოვანია. ,,თიბისი ბანკის“ სოციალური პროექტიც წარმატებული ახალგაზრდების ბიზნესისტორიების გაცნობით, სხვებისთვის მოტივაციის გაჩენას უწყობს ხელს.

ლევან გაბისონია: ,,ლიმესი” 2013 წელს დავაარსე. ჩანაფიქრში, მისი მიზანი იყო საქართველოში საგანმანათლებლო ხასიათის ინოვაციური პროდუქტების შექმნა. თუმცა, შემდგომ ჩატარებული მცირე ბაზრის კვლევის შედეგად, გადავწყვიტეთ, რომ პროფილი უმნიშვნელოდ შეგვეცვალა და ამავე მიმართულებით სასწავლო პროგრამების შექმნა და განვითარება დავიწყეთ. ჩვენ მიერ შექმნილი, „ლეგოს“ ტიპის პროდუქცია ინოვაციურია. 2015 წელს კი ,,საქართველოს უნივერსიტეტთან” ერთად შევქმენით პირველი რობოტექნიკისა და ელექტრონიკის აკადემია საქართველოში UG LIMES. სექტემბრიდან ჩვენს სასწავლო პროგრამაში 600-ზე მეტი ბავშვი იქნება ჩართული.

- ახლა რა ეტაპზე ხართ, როგორ ვითარდება ,,ლიმესი”?

- ,,ლიმესმა” უკვე დაიწყო ახალი, ინოვაციური სასწავლო პლატფორმების განვითარება. იგეგმება ელექტრონული კონსტრუქტორ-სათამაშოების შექმნა, ეს თამაშით სწავლების ერთ-ერთი მეთოდია. პირველი ელექტრონული კონსტრუქტორები საქართველში შეიქმნება და სამომავლოდ ექსპორტზეც გავა.

- ელექტორნული კონსტრუქტორის ერთ-ერთი მაგალითის შესახებ ექსკლუზიურად ,,ბიზნესპრესნიუსის” მკითხველს მოუყევით.

- პირველი პროექტი იქნება საგანმანათლებლო პროგრამირების შემსწავლელი დაფა, ე.წ. ბორდი.. მისი საპატენტო დოკუმენტაციაც მომზადდება. ეს არის მათთვის, ვისაც ელექტრონიკა და პროგრამირება აინტერესებს. დაფა მოსწავლეებს საშუალებას მისცემთ, დააპროგრამონ მარტივად. ბავშვი წერს კოდს დაფის საშუალებით, შემდეგ მარტივი საფეხურებით და თამაშით სწავლობს პროგრამირებას.

- რა იქნება პროექტის საწყისი ღირებულება?

- იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის შედეგი დავდოთ, გვჭირდება 60-80 ათასი ლარის ფინანსური რესურსი. ეს თანხა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გლობალურ ბაზარზეც გავიდეთ. ჩვენ მიერ დამზადებული ,,ბორდი” მხოლოდ საქართველოში არ გაიყიდება, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რამდენიმე უცხოური საიტი ელოდება ჩვენს პროდუქტს.

- რა ასაკში დააფუძნეთ კომპანია?

- 18 წლის ვიყავი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფიზიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი. მარტომ დავიწყე და გუნდთან ერთად განვავითარე. ეტაპობრივად ვიზრდებოდით. დღეს აკადემიას საკმაოდ დიდი წარმატებბები აქვს და დღითიდღე იზრდება ცნობადობა.

- თქვენი აზრით, რა არის მნიშვნელოვანი ბიზნესის დასაწყებად?

- პირველ რიგში, უნდა იმუშავო იმისთვის, რომ საჭირო პროდუქტი შექმნა. თუ მოთხოვნა არ არის ან მცირეა, შეგიძლია შენ თვითონ გააჩინო ეს მოთხოვნა. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. პირველ რიგში, საქმიანობა, რომელსაც ვიწყებდით იყო ძალიან მნიშვნელოვანი და თავად იდეა - კარგი. თუმცა, შემდეგ ბაზარს რომ მოვრგებოდით, გარკვეული კორექტივების შეტანა მოგვიწია. იდეა, მოტივაცია, კარგი, შეკრული გუნდი და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა - ეს ყველაფერი აუცილებელია წარმატებისათვის.

- რამდენად რთულია საქართველოში ბიზნესის დაწყება, რა გიწყობთ ხელს, რა გაძლიერებთ?

- ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკმაოდ დიდი კომფორტია იმისათვის, რომ ადამიანმა გადადგას ნაბიჯები და დაიწყოს ბიზნესი. მე გიყვებით ერთი რეალური ისტორიის შესახებ. სტერეოტიპულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოში ფულიანი ნათესავის გარეშე ბიზნესის დაწყება, შეუძლებელია. დიახაც შესაძლებელია. ამ მხრივ გარემო არის საკმაოდ თავისუფალი. თუმცა, ზოგჯერ დგება მომენტი, როცა გჭირდება არა ფინანსური მოტივაცია, არამედ საზოგადოებრივი მხარდაჭერა. რომელსაც სხვა ვერაფერი ვერ ჩაგინაცვლებს. ასეთი ჩვენთვის აღმოჩნდა ,,თიბისი” ბანკის წამოწყება. წარმატება გადამდებია, ახალგაზრდების წარმატების ისტორიები ქმნის მოტივაციას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობა.

https://www.facebook.com/LimesElectronics/?fref=ts&__mref=message_bubble

ქრისტინე გამთენაძე

https://www.facebook.com/LimesElectronics/?fref=ts&__mref=message_bubble