ისრაელში ხელოვნურ ხორცს შექმნიან, რომელიც 5 დოლარი ეღირება

ისრაელის სტარტაპი SuperMeat უჯრედებისგან ხელოვნურად შექმნილ ქათმის ხორცს შექმნის, რომელიც 5 დოლარი ეღირება. ამის შესახებ Gizmag იუწყება.

გამოცემის ცნობით კულტივირებული ხორცი წარმოადგენს ქსოვილს, რომელიც არასოდეს ყოფილა ცოცხალი ორგანიზმის, სრულფასოვანი ცხოველის ნაწილი. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას „კულტივირებული ხორცის სადისტრიბუციო წარმოება“. სავარაუდოდ, მაღაზიები და რესტორნები, სწორედ ამ გზით წარმოებული ხორცით მომარაგდება.

მეცნიერები ხორცის „გამოზრდას“ ბიოფსიის გზით მიღებული ქათმის უჯრედებიდან გეგმავენ. ამით თავად ფრინველს არანაირი ზიანი არ ადგება. წარმოების პროცესში ბიოფსიის შედეგად მიღებული ნიმუში ცალკეულ უჯრედებად განცალკევდება, რის შემდეგაც ისინი კულტივირებულად გამრავლდება. ამის შემდეგ ქსოვილური ინჟინერიის ტექნიკის საშუალებით, სპეციალურად შექმნილ ბიო-რეაქტორში, მათი ინკუბაცია ხდება. ისინი ცოცხალი არსების ორგანიზმის იმიტაციას წარმოადგენენ, რომლებიც შესაბამისი ზომის ქსოვილამდე იზრდებიან.

ამის შემდეგ უჯრედებს ამდიდრებენ საკვები ნივთიერებებით, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს განვითარდნენ. მეცნიერების თქმით, მსგავსი მიდგომა უზრუნველყოფს ხორცის საკვები ღირებულების მომატებას, რადგან ის შეიცავს უფრო მეტ ცილას, ომეგა-3-ს, სრულფასოვან ცხიმოვან უჯრედებსა და რკინას.

SuperMeat-ის წარმომადგენლების განცხადებით, ხელოვნური ხორცის წარმოება მოხსნის ეკოლოგიური პრობლემების ნაწილს. ასევე შემცირდება წყლის მოხმარება. გარდა ამისა, ხელოვნური ხორცის მიღება უსაფრთხოა, რადგან მისი გამოყვანა კონტოლირებად გარემოში ხდება.

კოკა კვირკველია