„სილიკონ ველი თბილისი“ - პირველი კერძო მაღალტექნოლოგური ცენტრი თბილისში

თანამედროვე მსოფლიოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ერთმანეთისგან გამიჯვნა ფაქტობრივად, შეუძლებელია.

რთულია წარმატებას მიაღწიოს სტარტაპმა, რომელსაც აქვს ინოვაციური ბიზნეს იდეა, მაგრამ არ ფლობს მისი განხოცირელების საბაზო ტექნოლოგიურ უნარებს.

მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, 2020 წლისთვის ახალი სამუშაო ადგილების 90%-მეტი ციფრული ტექნოლოგიების ცოდნას მოითხოვს. სტარტაპებში ინვესტიციები და ვენჩურული კაპიტალები კი სულ უფრო გაიზრდება.

საკუთარი ბიზნეს იდეების მეტად და სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს, მეწარმეებს მალე „სილიკონ ველი თბილისში“ შეეძლებათ.

საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტი აითი აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში - თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე „სილიკონ ველი თბილისში“ გააერთიანებს.

პროექტის ფარგლებში „სილიკონ ველი თბილისში“ ასევე განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები, საზაფხულო სკოლა ბავშვებისთვის თავისი სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზებით.

პროექტი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რათა საქართველომ თანდათანობით დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ტექნოლოგიების ექსპორტიორმა ქვეყანამ.

„ეს არ არის შორეული პერსპექტივა. ეს მოგვცემს ძალიან სწრაფად იმ შედეგებს, რომ ჩვენთან მომზადებული და განათლებამიღებული კადრები ძალიან სწრაფად გახდებიან მოთხოვნადი და წარმატებული არა მხოლოდ ქართულ ბიზნესკომპანიებში, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ქართველ სპეციალისტებს აღარ მოუწევთ განათლების მიღება და გადამზადება უცხოეთში, რათა წამყვან კომპანიებში დასაქმდნენ. „სილიკონ ველი თბილისი“ მათ შესაძლებლობას მისცემს ადგილზე შეიძინონ საჭირო უნარები და მუშაობა დაიწყონ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ, ტექნოლოგიურ კომპანიებში“, - აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი წარმომადგენელი მიხეილ ბატიაშვილი.

„სილიკონ ველი თბილისში“ განთავსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განათლების სამ საფეხურს მოიცავს - ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტურანტურას. პროგრამა ორიენტირებული იქნება მეწარმეობაზე დაფუძნებულ სწავლებაზე, ინოვაციური პოტენციალის წახალისებაზე, მეწარმეობისა და მენეჯმენტის საბაზრო უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რაც საბოლოოდ კურსამთავრებულს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების საშუალებას მისცემს.

მაღალტექნოლოგიურ სპეციალისტებსა და პროგრამულ ინჟინრებს მოამზადებს „სილიკონ ველი თბილისში“ მდებარე აითი აკადემია, სადაც ქართველ სტუდენტებს გამოცდილებას ისრაელელი სპეციალისტები გაუზიარებენ.

მაღალი ტექნოლოგიების სექტორში და სტარტაპების განვითარებაში ისრაელი ერთ-ერთ წამყვანი ქვეყანაა, რომელმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ მხრივ უდიდეს პროგრესს მიაღწია.

Israel Venture Capital Research-ის ინფორმაციით, 2015 წელს ისრაელში სტარტაპების საერთო რაოდენობამ 1 400-ს მიაღწია. აქედან 373 კომპანიამ ჯამში 3,58 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მიიღო, 69 სტარტაპ კომპანია კი ჯამში 5,41 მილიარდ დოლარად გაიყიდა.

ერთ სულ მოსახლეზე მაღალტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანიების რაოდენობით, რომლებიც ბაზარზე ორიენტირებულ პროდუქტს ქმნიან, ისრაელი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა. მაღალი ტექნოლოგიები ქვეყნის ექსპორტის 70%-ს აღწევს. ყოველივე ამის ფონზე ისრაელში წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორიცაა - Intel, Microsoft, IBM, რომლებიც ქვეყანაში კვლევებსა და განვითარებას ეწევიან, საკუთარი ოფისები აქვთ „გუგლს“, „ფეისბუქს“, Apple-ს, Yahoo-ს.

„ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ საქართველოში, ამ საოცარ ქვეყანაში. ჩვენი ცენტრი ისრაელში ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო და ტრენინგ ცენტრია, სადაც ყოველწლიურად15 ათასზე მეტი სტუდენტი იღებს განათლებას და მოთხოვნად სპეციალობებს ეუფლებიან. გვინდა ეს გამოცდილება საქართველოსაც გავუზიაროთ, მოვამზადოთ მაღალ ტექნოლოგიური სპეციალისტები, პროგრამული ინჟინრები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობაა“, - აღნიშნავს დროდ შრემი, ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის წარმომადგენელი.

აკადემიაში ასევე იქნება გადამზადების ცენტრი, სადაც ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, მოხდება კადრების მომზადება კომპანიებისთვის.

სწავლის პირველ საფეხურზე ყოველდღიურად, 10 საათის განმავლობაში აკადემიის სტუდენტებისთვის განთლების მიღება და მათი დატრენინგება მოხდება.მეორე ეტაპზე ისინი განავითარებენ თავიანთ შესაძლებლობას, მესამე საფეხურზე კი საკუთარ ბიზნეს იდეების განხორციელებაზე იმუშავებენ.

ტერმინი სილიკონის ველი კალიფორნიელ მეწარმე რალფ ვაერსტს ეკუთვნის. მისმა მეგობარმა ჟურნალისტმა დონ ჰოფლერმა 1971 წლის 11 იანვარს Silicon Valey USA უწოდა სტატიების სერიას ყოველკვირეულ Electronic News-ში. სტატიებში ჰოფლერი მკითხველს უყვებოდა სან ფრანცისკოს სამხრეთით მდებარე სანტა კლარას შესახებ, სადაც მსხვილი ამერიკული IT კომპანიების შატბ-ბინები იყო თავმოყრილი.

დღეს სან-ფრანცისკოს ყურის ზონაში, 386 ათასზე მეტი მაღალკვალიფიციური კადრი მუშაობს, რაც "სილიკონ ველის" უფლებას აძლევს აშშ-ში უმსხვილეს ტექნოლოგიურ ცენტრად იწოდებოდეს. "სილიკონ ველის" შემოსავალი აშშ-ის მასშტაბით ანალოგიურ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.

მარი ჯავახიშვილი