ქართველი ახალგაზრდების სტარტაპი მომხმარებელს პარალელურ სამყაროში მოხვედრის საშუალებას აძლევს

ინოვაციური პროექტი MARD ახალგაზრდა თემო ბაბუციძემ რამდენიმე თვის წინ თავის გუნდთან ერთად წამოიწყო.

ცოტა ხნის წინ კი პროექტის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური სტარტაპების ფინალურ ეტაპზე მოხვდა.

MARD სასიამოვნო სიახლეა გეიმერებისთვის. როგორც სტარტაპის იდეის ავტორი და დამფუძნებელი თემო ბაბუციძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ამ სტარტაპის დახმარებით მომხმარებელს პარალელურ სამყაროში მოხვედრის საშუალება ექნება.

„ჩვენი სტარტაპის სახელია MARD, რაც იშიფრება, როგორც motion augment device. ეს არის ტექნოლოგია, მოძრავი აუგმენტური რეალობის მოწყობილობა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ პარალელური სამყარო დაინახოს. ესაა თამაშისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც გარემოს აღიქვამს და მასზე დამატებით ზეგავლენას ახდენს“, - აღნიშნა იდეის ავტორმა.

მისივე განმარტებით, მომხმარებელი საკუთარი ტელეფონით, მათი მოწყობილობით და სპეციალური აპლიკაციით შეძლებს სხვა სამყაროში ითამაშოს თამაში, ანუ რეალურ სამყაროს თავად დაუმატოს არარეალური ელემენტები.

„ამ ეტაპზე ესაა იარაღის ტიპის ტექნოლოგია, სადაც განთავსდება ტელეფონი და დამატებით სპეციალური აპლიკაციით, რომელიც ტელეფონში იქნება ჩამოტვირთული, ერთობლივად ქმნიან ამ აუგმენტურ რეალობას.

აუმენტური რეალობა არის დამატებითი რეალობა, რომელიც არსებულ სივრცეში იქმნება. მაგალითად ოთახში, სადაც იმყოფებით, ხდება დამატებითი საგნების ჩამატება, როგორიცაა უბრალოდ პეპელა თუ ზომბი. რა თქმა უნდა, მომხმარებელს პირველ ეტაპზე საცდელ აპლიკაციას შევთავაზებთ. თუმცა, მას ასევე შეუძლია თავად შექნას სასურველი თამაში“, - აღნიშნა ბაბუციძემ.

მომხმარებელი აუგმენტურ რეალობას ტელეფონის ეკრანზე დაინახავს, თუმცა მომავალში პროექტის ავტორები სათვალეების დამატებასაც ფიქრობენ. გუნდი სტარტაპის განვითარებისთვის 100 000 ლარს ითხოვს.

როგორც იდეის ავტორმა განაცხადა, ეს ტექნოლოგია თავდაპირველად თამაშებისთვის იქნება გათვლილი, თუმცა მომავალში სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო შეიარაღების ტექნოლოგიაში გარდაქმნას გეგმავენ.

ლიკა ამირაშვილი