იაპონია ოლიმპიადის მედლების  ელექტრონული ტექნიკის ნარჩენებისგან დამზადებას გეგმავს

იაპონიამ 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მედლები შესაძლოა, ელექტრონული ტექნიკის ნარჩენებისგან დაამზადოს.

"ბიბისის" ცნობით, შესაბამისი ინიციატივით იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა მთავრობას მიმართეს.

ტრადიციულად, მასპინძელი ქვეყანა მედლების დასამზადებლად ძვირფასი მეტალის მომპოვებელ კომპანიებს მიმართავს. თუმცა იაპონიაში, სადაც შეზღუდული მინერალური რესურსებია, სხვა ინოვაციური მეთოდის გამოყენება გადაწყვიტეს.

ადგილობრივი გამოცემა Nikkei წერს, რომ ძვირფასი ლითონის გამოყენების ნაცვლად, ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს სურთ, საკმარისი რაოდენობის ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ძველი სმარტფონებისა და ტაბლეტების გადამუშავებით მიიღონ. ასევე საუბარია ავტომობილებზე და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, მათ შორის მაცივრებსა და კონდიციონერებზე.

ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე მიმართა ადგილობრივ კომპანიებს, ხელი შეუწყონ ძველი ელექტრონიკის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესს იმისთვის, რომ ოლიმპიადის ორგანიზებაში საკუთარი წვლილის შეტანა რიგითმა მოქალაქეებმაც შეძლონ.