სამოქალაქო ავიაციის სააგენტო “Samsung Galaxy Note 7”-ის მფლობელებს მოუწოდებს, ბორტზე ცეცხლის გაჩენის პრევენციის მიზნით ფრენის დროს ტელეფონები გამორთონ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო „Samsung Galaxy Note 7”-ის მფლობელებს რეკომენდაციებით მიმართავს.

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ფრენის უსაფრთხოების ბიულეტენზე დაყრდნობით, სააგენტო აპარატების საჰაერო ხომალდით გადატანასთან დაკავშირებით, თვითმფრინავის ბორტზე ცეცხლის გაჩენის საშიშროების პრევენციისა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მგზავრებს მოუწოდებს, ფრენის განმავლობაში აღნიშნული მოდელის აპარატები შეინარჩუნონ გამორთულ მდგომარეობაში, მოერიდონ “Samsung Galaxy Note 7” ელემენტის დამუხტვას საჰაერო ხომალდის ბორტზე, არ მოათავსონ აღნიშნული მობილური ტელეფონები რეგისტრირებულ ბარგში და დაუყოვნებლივ შეატყობინონ ეკიპაჟის წევრებს აპარატის შესაძლო დაზიანების, გახურების, აალების, დაკარგვის ან სავარძლებს შორის ჩავარდნის შემთხვევაში.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საავიაციო ხელისუფლებების მიერ რეკომენდაციების გავრცელების აუცილებლობა განაპირობა კომპანია “Samsung”-ის ოფიციალურმა განცხადებამ, რომლის მიხედვით, „Galaxy Note 7”-ის ელემენტებთან მიმართებაში გამოვლენილი მოჭარბებული საჩივრების გამო, კომპანია იწყებს გაყიდული პროდუქციის გამოთხოვისა და მისი ახალი აპარატებით გამოცვლის პროგრამას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოუწოდებს მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს, საჰაერო ხომალდით მგზავრობისას აუცილებლად გაითვალისწინოთ აღნიშნული რეკომენდაციები.