"სამსუნგი" Galaxy Note 7-ის აალების მიზეზებს განმარტავს

სამხრეთკორეულმა კომპანია სამსუნგმა Galaxy Note 7-ის აალების სავარაუდო მიზეზი დაასახელა.

როგორც გამოცემა "ბლუმბერგი" წერს, კომპანიისთვის მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სმარტფონების აფეთქებას იწვევს ბატარეის მცირე დეფექტი.

ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს წინასწარი შეფასებაა და აალების ზუსტი მიზეზის დასადგენად უფრო დეტალური ანალიზია საჭირო.

"სამსუნგში" აცხადებენ, რომ ხარვეზის გამოსწორება გამოძიების დასრულებამდე მოხდება.

დღეის მონაცემებით, დაფიქსირებულია Galaxy Note 7-ის აალების 35 შემთხვევა, აქედან 17 სამხრეთ კორეაში მოხდა.

რამდენიმე დღის წინ კომპანია "სამსუნგმა" სმარტფონის ახალი მოდელი გაყიდვიდან ამოიღო. გუშინ ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ზომის გამო კომპანიის კაპიტალიზაცია 22 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა.