სტივენ ჰოკინგი: ხელოვნური ინტელექტი ან საუკეთესო ან ცუდი მოვლენა იქნება კაცობრიობის ისტორიაში

ბრიტანელმა სწავლულმა სტივენ ჰოკინგმა კაცობრიობის მომავალში ხელოვნური ინტელექტის როლზე ისაუბრა.

როგორც The Guardian წერს, პროფესორმა მძლავრი ხელოვნრური ინტელექტის შექმნაზე სუაბრისას აღნიშნა, რომ ეს იქნება ან საუკეთესო ან ყველაზე ცუდი მოვლენა კაცობრიობისთვის.

„ჩვენ ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ ისტორიის შესწავლაზე, რომელიც, მოდი პირდაპირ ვთქვათ, წარმოადგენს ძირითადად სისულელის ისტორიას“, - განაცხადა ჰოკინგმა. პროფესორმა პოზიტიური უწოდა ცვლილებას, რომ შესწავლის ობიექტი ამიერიდან ინტელექტის მომავალი გახდება.

ჰოკინგს არაერთხელ უთქვამს იმ რისკების შესახებ, რომელიც თან ახლავს ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა მან ხაზი გაუსვა მის პოზიტიურ მხარესაც. პროფესორი არ გამორიცხავს, რომ ახალი ტექნოლოგიური მექანიზმის წყალობით კაცობრიობამ მოახდინოს იმ დანაკარგების ნაწილის აღმოფხვრა, რომელიც ინდუსტრიალიზაციამ მიაყენა ბუნებას.

„და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იქნება საბოლოოდ აღმოვფხვრათ დაავადებები და სიღარიბე“, - დასძინა მან.

მისი თქმით, ჩვენი ცხოვრების ყოველი ასპექტი ცვლილებას განიცდის.

„თუ მოკლედ ვიტყვი, ხელოვნური ინტელექტის შექმნა შესაძლოა გახდეს ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში უდიდესი მოვლენა“, - დასძინა მან.

კოკა კვირკველია