BlackBerry-იმ უკანასკნელი სმარტფონი გამოუშვა

კანადურმა კომპანიამ BlackBerry-იმ ანდროიდის ბაზაზე მომუშავე უკანასკნელი სმარტფონი წარადგინა. მოწყობილობა სახელწოდებით — DTEK60 იქნება რიგით მესამე და ბოლო სმარტფონი, რომელსაც კომპანია აწარმოებს.

სამომავლოდ „ბლექბერი“ მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობას გეგმავს.

ახალი მოწყობილობის გაყიდვები უკვე დაიწყო აშშ-ში, კანადასა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში. DTEK60 499 დოლარი ღირს.

„როიტერის“ ცნობით, DTEK60-ის ერთ-ერთი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასია - iPhone 7 - 769 დოლარი ღირს, Google Pixel-ის ფასი კი 649 დოლარია.

BlackBerry-ის ანდროიდზე მომუშავე პირველი სმარტფონი 2015 წლის ნოემბერში გამოვიდა, მეორე - მიმდინარე წლის ივლისში, ეს კი რიგით მესამე სმარტფონია.

კანადური კომპანია სმარტფონების წარმოებას კომპანია Mobility Solutions-ს გადასცემს, რაც საშუალებას მისცემს BlackBerry-ის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებაზე იყოს კონცენტრირებული.

„ბლექბერი“ კანადური კომპანიაა, რომელიც ცნობილია ბიზნეს-სმარტფონების წარმოებით. 2013 წლამდე კომპანიის სახელი იყო Research In Motion (RIM). კომპანიას პოპულარობა მოუტანა 2002 წელს გამოსულმა მობილურმა მოწყობილობამ, რომელიც მიმოწერას ამარტივებდა და ამავდროულად პოზიციონირებდა, როგორც მოწყობილობა საქმიანი ადამიანებისთვის.

კოკა კვირკველია