Apple-მა "გამჭვირვალე" ტექნოლოგია დააპატენტა

Apple-მა "გამჭვირვალე" სმარტფონის უნიკალური ტექნოლოგია დააპატენტა, რომელიც კორპორაციას საშუალებას მისცემს, გამჭვირვალე iPhone გამოუშვას - წერს The Independent-ი.

არის ერთი პრობლემა, რომელიც სმარტფონზე მიჯაჭვულმა მომხმარებელმა კარგად უწყის - ქუჩაში მოძრაობისას რთულია თან მოკლე ტექსტური შეტყობინება აკრიფო და თან გზაზე კონცენტრირდე, რამეს ან ვინმეს რომ არ დაეჯახო.

გააცნობიერა რა, რომ სმარტფონის გვერდზე გაწევა და წინ გახედვა ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ადამიანებისათვის გამოსავალს აღარ წარმოადგენს, Apple-მა ჭეშმარიტად უნიკალურ გადაწყვეტას მიაგნო, რომელიც საშუალებას იძლევა, ვიდეოგამოსახულების პროექცირება სმარტფონის ეკრანზე მოხდეს. სმარტფონი გამჭვირვალე უკანა კამერის წყალობით ხდება - ეკრანზე ჩანს გამოსახულება, რომელსაც კამერა იღებს. ეკრანის გამჭვირვალეობა კი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ტექსტური შეტყობინება სიარულის დროსაც დაწეროს, ამასთან ისე, რომ გზაზე არსებული დაბრკოლება ეკრანზევე დაინახოს.

"გამჭვირვალე" სისტემის გააქტიურება სპეციალური ღილაკით იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, იგივე ფუნქციის გამოყენება შესაძლებელი იქნება ibooks-სა და ვებ-ბრაუზერებში.

როგორც ირკვევა, კორპორაცია Apple-ს ამ ინოვაციური ტექნოლოგიის დაპატენტების შესახებ განაცხადი ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბერში შეუტანია აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების განყოფილებაში, თუმცა მედიამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გაიგო.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის იხილავს დღის სინათლეს აღნიშნული სიახლე და როდის ამოისუნთქავენ სმარტფონზე მიჯაჭვული მომხმარებლები ქუჩაში სიარულისას ორმაგი ყურადღების დაძაბვისაგან.

ასევე უცნობია, აპირებს თუ არა ტექნოლოგიური გიგანტი მოპოვებული პატენტი პროგრამული უზრუნველყოფის მორიგ განახლებულ ვერსიაში გამოიყენოს. iOS 8-ის გამოშვებას Apple-ი სექტემბერში გეგმავს.