Yahoo-ს საკუთარი YouTube-ი სურს

Yahoo YouTube-ს კონკურენტის შექმნას გეგმავს.

Google-ის მფლობელობაში მყოფ YouTube-ს სერიოზული კონკურენტი წლების განმავლობაში არ ჰყოლია, მაგრამ Yahoo-ს სურს სცადოს: კომპანია უკვე მუშაობს იმაზე, რომ დაარწმუნოს YouTube-ის ყველაზე პოპულარული იუზერები და ჩენელები, თავიანთი კონტენტი მათ საიტზე განათავსონ.

Yahoo-ს სტრატეგია გულისხმობს, უპირატესობა მოიპოვოს როგორც ვიდეოს შემქმნელების, ისე ვიდეოს მფლობელების გულის მოგებით, ვინც ფიქრობს, რომ YouTube შემოსავლის შესაბამის წყაროს არ წარმოადგენს. Yahoo-ს აღმასრულებლები პოტენციურ კლიენტებს ეუბნებიან, რომ კომპანიას შეუძლია მათ უკეთესი პირობები შესთავაზოს, ვიდრე ისინი YouTube-სგან იღებენ - გაუმჯობესებული სარეკლამო შემოსავალი ან გარანტიერებული სარეკლამო განაკვეთები მათ ვიდეოებზე.

Yahoo-ს გენერალურმა დირექტორმა, მარისა მაიერმა უკვე აღიარა, რომ მისი კომპანია google-სა და facebook-ის ფონზე უკანა პლანზეა გადაწეული. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს კომპანიაში ახალი სერვისის შექმნაზე მუშაობის დაწყება.

"თუ yahoo-ს უნდა საზოგადოებრივი გართობის ცენტრში ყოფნა, მას ჭირდება ვიდეო სერვისი" – აცხადებს მარისა მაიერი.

მაიერმა, რომელიც ადრე Google-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი იყო, არაერთი Google-სთვის შესაფერისი იდეა განახორციელა Yahoo-სთვის, მას შემდეგ, რაც მისი გუნდის წევრი გახდა. ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ Yahoo სილიკონის ველის გიგანტს კვლავ მიუახლოვდეს, თუმცა ჯერჯერობით, სასიკეთო ზრდა მხოლოდ ჩინურ ბაზარზე შეინიშნება და ისიც Alibaba Group-ის დამსახურებით. Alibaba-ს შემოსავლებიდან მიღებული უზარმაზარი თანხით კომპანიას თავისუფლად შეუძლია დააფინანსოს არაერთი მცდელობა Google-სთვის კონკურენციის გასაწევად და ასეც ხდება, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ ყველაფერი უშედეგოდ ჩაივლის.

მიუხედავად ამისა, Yahoo-მა უნდა აჩვენოს, რომ მას გაზრდა შეუძლია. წყაროებმა კომპანიიდან უცხოურ მედიას განუცხადეს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალი კვლავ არც ისე მომგებიანი იყო, ინვესტორებიც კი ელოდნენ ნიშნებს, რომ მაიერი კომპანიაში გადმოსვლიდან ორი წლის თავზე ბიზნესს "აამუშავებდა".

ვიდეო სერვისი, როგორც ჩანს, ის არენაა, რომელზეც Yahoo-ს დამაჯერებელი ალტერნატივის შეთავაზება შეუძლია. მართალია, YouTube ონლაინ ვიდეო სივრცის დომინანტია მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ აღსანიშნავია, ვიდეო მწარმოებლები ღიად აფიქსირებენ საკუთარ აზრს, რომ კარგი იქნებოდა ბაზარზე კარგად დაფინანსებული ანალოგიური სერვისი გამოჩენილიყო, რომელიც YouTube-ს პირდაპირ კონკურენციას გაუწევდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ვიდეო ბაზარზე შესვლის მცდელობა მხოლოდ Yahoo-ს არ აქვს: Facebook და Amazon-იც გეგმავენ აგრესიული ნაბიჯები გადადგან რეკლამის განთავსების მხარდაჭერის მქონე ვიდეოების სერვისის თვალსაზრისით.