Samsung Galaxy S5 ქართულ ბაზარზე უკვე იყიდება

Samsung Galaxy S5 დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება.

როგორც "ალტას" მაღაზიათა ქსელში აცხადებენ, Samsung Galaxy S5 მათ მაღაზიებში გაიყიდება და მისი ფასი 1399 ლარი იქნება.

"ამ მოვლენას მთელი მსოფლიო ელოდებოდა და გვიხარია, რომ შეგვიძლია რევოლუციური მახასიათებლებით გამორჩეული, ეს უახლესი სმარტფონი მომხმარებელს ექსკლუზიური პირობებით შევთავაზოთ," - აცხადებენ ალტაში.

Galaxy S5 ასევე გაიყიდება Zoomer-ის ქსელშიც, ოღონდ კომპანიის ვებსაიტის თანახმად, 1289 ლარი ეღირება.

Galaxy S5-ს დამატებული აქვს ისეთი ტექნოლოგიური ინოვაციები, რაც მას არა მხოლოდ წინამორბედისაგან, არამედ ბაზარზე არსებული ყველა სხვა სმარტფონისაგან გამოარჩევს.

Galaxy S5-ს აქვს გაუმჯობესებული და მაღალი დინამიური დიაპაზონის 16 მეგაპიქსელიანი (HDR) კამერა და გამოირჩევა უსწრაფესი ავტო-ფოკუსით. მისი კორპუსი, წყალგამძლეა და აქვს მტვრისგან დამცავი ფუნქციაც. სმარტფონის 5.1 დიუმიანი ეკრანი კი, რომელიც აღჭურვილია ბოლო თაობის არეკვლის ჩამხშობი ტექნოლოგიით, ნებისმიერი გარე განათების დროს საუკეთესო ხარისხის გამოსახულებას უზრუნველყოფს.

Galaxy S5-ს ელემენტის დაზოგვის თანამედროვე სისტემა გააჩნია. Ultra Power Saving Mode-ს მეშვეობით, სმარტფონის ეკრანი გადადის შავთეთრ რეჟიმში და ავტომატურად თიშავს მეორეხარისხოვან ფუნქციებს, რის შედეგადაც, ელემენტის მუშაობის პერიოდი მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება.

Galaxy S5-ის სლოგანია - "მე მაძლიერებს Galaxy S5". სმარტფონი 145 გრამს იწონის.

ახალი Samsung Galaxy S5 გამორჩეული იმითაც არის, რომ სმარტფონს გულისცემის გასაზომი სენსორი აქვს. სენსორი, რომელსაც შეუძლია გაზომოს ადამიანის გულისცემა, სმარტფონის კორპუსზე ლედ განათების ადგილას არის ჩამონტაჟებული. ამისთვის სენსორზე ადამიანის თითი რამდენიმე წამის განმავლობაში გაუნძრევლად უნდა გაჩერდეს.

ტექნოლოგია, რომელიც Samsung-მა გამოიყენა, ახალი არ არის, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ტექნოლოგიას სმარტფონში ვხვდებით. ის ტელეფონის ლედ განათების თითზე მინათების შედეგად აძლევს საშუალებას სენსორს, იპოვოს სისხლის მიმოქცევის წერტილი კანის საფართან ახლოს.

უცხოურ ბაზარზე უახლესი სმარტფონის ფასი 600 აშშ დოლარიდან იწყება.