"ღრუბლის" ეკონომიურობამ ბევრი ორგანიზაცია დააინტერესა

ახალი სერვისი, ტექნოლოგია, საშუალებას იძლევა ყოველგვარი დანახარჯის გარეშე, ოპერატიულად მიიღო სწრაფი და მოქნილი სერვერული მომსახურება.ორგანიზაციებს, რომლებსაც არ აქვთ განვითარებული IT სისტემები, საწყისი კაპიტალი, არ ჰყავთ კვალიფიციური კადრები, არა აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ ძვირადღირებული აპარატურა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო "ღრუბლოვან ტექნოლოგიას" სთავაზობს.

ახალი სერვისი, ტექნოლოგია, საშუალებას იძლევა ყოველგვარი დანახარჯის გარეშე, ოპერატიულად მიიღო სწრაფი და მოქნილი სერვერული მომსახურება.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე" მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულა. ისეთი მოცულობითი ინფორმაცია, როგორიცაა საჯარო რეესტრის გეოინფორმაციული სისტემები, ელექტრონული რუკები, უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამები, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროსა და ეროვნული არქივის ელექტრონული მონაცემები, უკვე სააგენტოს ”ღრუბელში" ინახება და მისი მართვაც სწორედ ამ ღრუბლოვანი ტექნოლოგიების საშუალებით ხდება.

სააგენტო მზად არის ახალი სერვისი შესთავაზოს სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებსაც. პროექტში ჩართვით, ორგანიზაციებს აღარ დასჭირდებათ სერვერების შეძენა, ფუნქციონირებისათვის გამართული გარემოს შექმნა, უწყვეტი ელექტროენერგიის, გაგრილების სისტემის, აპარატურის თავსებადობის და სხვა საკითხების მოწესრიგება, დამატებითი ტქნიკური პერსონალის გამოყოფა სერვერების ექსპლუატაციისთვის, რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს მათ ფინანსურ დანახარჯებს.

პროექტში ჩართული ორგანიზაციების IT ინფრასტრუქტურა იქნება "ღრუბლებში" მოწყობილი და მის მხარდაჭერას უზრუნველყოფს საჯარო რეესტრი.

მომსახურებისათვის ორგანიზაციები ყოველთვიურად ზუსტად იმდენს გადაიხდიან, რა მოცულობასაც გამოიყენებენ ვირტუალურ სერვერზე.

”ამ ტექნოლოგიით არაერთი ორგანიზაცია დაინტერესდა. "ღრუბლის" ეკონომიურობიდან და კომფორტულობიდან გამომდინარე, ამ ტექნოლოგიის საჭიროება მნიშვნელოვნად იზრდება", _ აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.