ადამიანი, რომელმაც ბანკომატი სააბაზანოში გამოიგონა

პროტოტიპი არცთუ სწრაფად მუშაობდა და ერთ ჯერზე ათ გირვანქა სტერლინგზე მეტს არ გასცემდა

1967 წელს ცნობისმოყვარე ქალაქელები საგანგებოდ მიდიოდნენ ჩრდილოეთ ლონდონის "ბერკლი ბანკის" განყოფილებაში. იქ სიახლე გამოჩნდა - ვეებერთელა აპარატი ბანკის მოხელეს ცვლიდა და თვითონ გასცემდა ფულს. ეს იყო მსოფლიოში პირველი ბანკომატი, რომლის იდეა შოტლანდიელ გამომგონებელ ჯონ შეპარდ-ბარონს დაებადა.

პროტოტიპი არცთუ სწრაფად მუშაობდა და ერთ ჯერზე ათ გირვანქა სტერლინგზე მეტს არ გასცემდა. დღეს კი მსოფლიოში მილიონობით ბანკომატია და მათ გარეშე ცხოვრება ისევე წარმოუდგენელია, როგორც უტელევიზოროდ ან უმაცივროდ. ჯონ შეპარდ-ბარონი 2010 წელს გარდაიცვალა, მანამდე კი არაერთხელ მოუთხრო ჟურნალისტებს, როგორ დაებადა ბანკომატის იდეა და რატომ ჩაფლავდა მისი ერთ-ერთი ბოლო გამოგონება.

ერთ მშვენიერ შაბათს, სააბაზანოში შხაპის მიღებისას, ჯონ შეპარდ-ბარონი წუხდა, რამდენად მოუხერხებელი იყო ნაღდი ფულისთვის ბანკში სიარული და უცებ თავში გენიალური იდეა მოუვიდა. გაახსენდა პროდუქტის გასაყიდი ავტომატები, რომლებიც მაშინ თითქმის ყველა სარკინიგზო სადგურში იდგა. მაშ, რატომ არ შეიძლებოდა ფულის გაცემა იმავე მეთოდით?!

იმ დროისთვის ჯონ შეპარდ-ბარონი მუშაობდა კომპანიაში, რომელიც საბანკო მოწყობილობებს აწარმოებდა. გენიალური იდეის განხორციელების სურვილით შეპყრობილი შეპარდ-ბარონი ორშაბათსვე მივიდა მმართველთან... თათბირის შემდეგ ჯონი და კიდევ სამი თანამშრომელი მანქანის აწყობას შეუდგნენ.

ერთი კვირის შემდეგ შეპარდ-ბარონმა "ბერკლი ბანკის" გენერალურ დირექტორს საქმიან ლანჩზე გაუმხილა, რომ ერთი გიჟური იდეა მოუვიდა და მის ასახსნელად 90 წამი ითხოვა. დაახლოებით 85-ე წამზე გენერალურმა დირექტორმა შეაჩერა: "თუ ასეთ რამეს ააწყობ, ვიყიდი". მალე ჯონის კომპანიას თვით ბანკის მფლობელმა მიაკითხა. კომპანიას ისეთი პატარა ეზო ჰქონდა, რომ "ბერკლი ბანკის" მეპატრონის "როლს როისი" არც დაეტია...

პლასტიკური ბარათები მაშინ არ არსებობდა და მანქანა ქაღალდის ჩეკებს იღებდა. გაყალბებისგან დასაცავად მათ ძალიან მცირე დოზით ჟღენთდნენ რადიოაქტიური იზოტოპით.

შეპარდ-ბარონს იდეის სანაცვლოდ დიდი ფული არ მიუღია: "გამოგონების დაპატენტება არ გამოვიდა. ეს ბანკის წესებით აკრძალული იყო. სამაგიეროდ, ჩვენ სამყარო შევცვალეთ. ერთხელ, აშშ-ში რომ ვიყავი, მაშინ მივხვდი, რამდენად შორს წასულიყო ჩვენი გამოგონება. ერთმა ჩინელმა მადლობაც კი გადამიხადა უამრავი სამუშაო ადგილის შექმნისთვის. ვფიქრობ, ახალი თაობა მალე შეეჩვევა ღილაკებს, მისთვის მოხერხებულიც იქნება, თუ ვირტუალურად გადაიხდის. ცხადია, ნაღდი ფული სრულიად არ გაქრება. სანტექნიკოსს თუ გამოიძახებთ, ბარათით ხომ არ გადაუხდით? შავი ბაზრები, ჩრდილოვანი ეკონომიკა - ეს ხომ არსად გაქრება", - ამბობდა ჯონ შეპარდ-ბარონი.

გამომგონებელი ირონიით იხსენებდა ისტორიას, როცა მას ჭკუით... სელაპებმა აჯობეს. ერთხელ ბანკომატის იდეის ავტორმა ორაგულის მოსაშენებლად თევზსაშენი შეიძინა შოტლანდიაში. მოულოდნელად თევზსაშენს სელაპები დაესხნენ თავს. ათასობით სელაპი მიცურდა მთელი შოტლანდიის სანაპიროებიდან. თევზს პირდაპირ ბადეებიდან იტაცებდნენ. თითოეული დღეში ორ კილოგრამზე მეტ ორაგულს სანსლავდა. შეწუხებულმა ჯონმა სელაპების დაშინება გადაწყვიტა - აშშ-ში ჩავიდა და ოკეანოლოგიის ინსტიტუტში ცელნამგალა ვეშაპების ხმის ჩანაწერები მოითხოვა. ეს ვეებერთელა და აგრესიული ძუძუმწოვრები სელაპის ხორცის დიდი მოყვარული არიან. შეპარდ-ბარონი უკან, შოტლანდიაში, ვიდეოფირებით აღჭურვილი დაბრუნდა.

თავდაპირველად ხერხმა გაჭრა, სელაპებმა ცელნამგალა ვეშაპების ხმა მაშინვე იცნეს და ძალიანაც დაფეთდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ალღოიანი მსუნაგები მიხვდნენ, რომ ატყუებდნენ და გარისკვა მაინც ღირდა, თუმცა ძუძუმწოვარი მონსტრების შიშით სელაპები მაინც ფრთხილობდნენ და გუნდებად იკრიბებოდნენ. თუ ვეშაპი ერთ-ორ სელაპს ჩაკვნეტდა, დანარჩენები დანაყრებას მოასწრებდნენ. შემდეგ საქმე უფრო უარესად წავიდა. "ჭკუის კოლოფები" დარწმუნდნენ, რომ საიდანაც ხმები მოდიოდა, სწორედ იქ ირეოდა ყველაზე მეტი ორაგული, თანაც გათამამებულ სელაპებს თავს არავინ ესხმოდა. ხმოვანი დაშინების სისტემამ "გონიერი მავნებლების" არათუ დაფრთხობა, არამედ პირიქით, მიზიდვა დაიწყო. ასე გააბითურეს სელაპებმა შეპარდ-ბარონი, რომელსაც შოტლანდიის მთელ სანაპიროზე თევზსაშენში ხმოვანი დაშინების სისტემა ჰქონდა დამონტაჟებული.