Microsoft-მა "სელფიფონი" დააანონსა

კორპორაცია Microsoft-ი გეგმავს Windows Phone 8.1-ის პლატფორმაზე რამდენიმე ახალი სმარტფონი გამოუშვას.

ამის შესახებ The Verge წერს.

როგორც გამოცემის წყარო ამბობს, Microsoft-ის წარმოების განყოფილების ხელმძღვანელმა სტივენ ელოპმა თანამშრომლებს კომპანიის გეგმები გაანდო. მათ შორის, ელოპმა წარმოადგინა ახალი სმარტფონი, რომელსაც 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა და 4.7 დუიმის დისპლეი აქვს. მოწყობილობა Nokia Devices & Services-ის ქვეგანყოფილებაში შემუშავდა.

ამ დრომდე არც Nokia -ს და არც Microsoft-ს არ გამოუშვია სმარტფონი, რომელსაც ასეთი ხარისხის წინა კამერა ექნებოდა. სწორედ ამიტომ, დემონსტრაციის დროს, ელოპმა ახალი სმარტფონი "სელფიფონად" "მონათლა". ჩაფიქრებულია, რომ ამ სმარტფონის საშუალებით მომხმარებლებმა შეძლონ ხარისხიანი "სელფების" გადაღება.

ელოპმა სხვა სმარტფონის შესახებაც განაცხადა, რომელიც ბაზარზე მალე გამოვა. მოწყობილობა, სამუშაო სახელით Tesla , წარმოადგენს high-end სეგმენტისთვის ხელმისაწვდომ ტელეფონს. სმარტფონს ექნება კამერა PureView ტექნოლოგიის მხარდაჭერით და ივარაუდება, რომ ის ბაზარზე Nokia Lumia 720-ის ადგილს დაიკავებს.