ჭკვიანი საათი - მთელი თქვენი ცხოვრება მაჯაზე

შესაძლოა, უკვე ახლო მომავალში თქვენთვის წარმოუდგენელი გახდეს ცხოვრება ჭკვიანი საათის გარეშე.

ჭკვიან საათში შეინახება ინფორმაცია თქვენი საბანკო ანგარიშების, სამგზავრო ბარათის შესახებ და საყვარელი თამაშიც კი.

შეტყობინებამ იმის შესახებ, რომ Apple ჭკვიანი საათის, iWatch-ის გამოშვებას გეგმავს, ბრენდის თაყვანისმცემლები გაახარა. ინვესტორები ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი კონკურენტ Pebble და Samsung Galaxy-ს ჭკვიან საათებს ზიანს მიაყენებს.

გაფრთხილდი შვეიცარია!

დღესდღეობით ბევრი ფიქრობს, ჭკვიანი საათები ტრადიციულ საათებს ხომ არ გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს.

მიმომხილველი ბერნარდ არი აღნიშნულ თემაზე სტატიას აქვეყნებს. "ყოველთვის მომწონდა ელეგანტური მექანიკა, მაგრამ ახლა პირველად ცხოვრებაში გამიჩნდა ცდუნება, რომ ჩემი ტრადიციული საათის მექანიზმი ჭკვიან საათზე გავცვალო. ჭკვიანი საათი უახლოეს დროში გახდება ძალიან პოპულარული და სერიოზულ თავსატეხს გაუჩენს ტრადიციული საათების მწარმოებელ კომპანიებს და არა მხოლოდ მათ, ეს დააზარალებს სხვა კომპანიებსა და დარგებს", - წერს მიმომხილველი ბერნარდ მარი.

კომპანია Apple-ს ოფიციალურად არ გამოუცხადებია ჭკვიანი საათის გამოსვლის თარიღი, მაგრამ როგორც "როიტერი" წერს, ეს შემოდგომაზე მოხდება. თუკი iWatch კარგად ინტეგრირებული იქნება iPhone-თან და სოციალურ ქსელებთან, თუკი შეძლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების გადაცემას, მაშინ ის " ჰიპსტერების და ტექნიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის მთელი მსოფლიოდან აუცილებელი ატრიბუტი გახდება", - მიიჩნევს მარი.

სიახლე ძვირადღირებული საათების ბაზარს ასევე სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

"ლუქს კლასის, შვეიცარულ საათებზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა, მაგრამ მეჩვენება, რომ ამ სეგმენტის წინააღმდეგ ჭკვიანი საათებისგან მომავალი საფრთხე იმაზე სერიოზულია, ვიდრე ეს 1980 -იან წლებში იყო ელექტრონული საათების მხრიდან. ამის გამო, შესაძლოა, მაღალტექნოლოგიურმა კომპანიებმა განიხილონ "მოქნილი" საათების შექმნის შესაძლებლობა, რომელთაც "ჭკვიანი" შიგთავსი და ტრადიციული მექანიზმი ერთდროულად ექნება",- ამბობს მარი.

აპლიკაცია - წარმატების გასაღები

ჭკვიანი საათები ნაწილობრივ იმიტომაცაა მიმზიდველი, რომ მათთვის გამუდმებით იწერება სხვადასხვა აპლიკაციები - პირდაპირ მაჯაზე შეგიძლიათ "გადაფურცლოთ" კულინარიული წიგნი ან აწარმოოთ საქმიანი დიალოგი.

Pebble - ჭკვიანი საათების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარკაა და მისთვის უკვე დაიწერა 3000 აპლიკაცია. Samsung Galaxy-ს საათს უკვე ფლობს ნახევარი მილიონი მომხმარებელი და სპეციალური პროგრამები მათთვისაც იწერება. ჭკვიანი საათების ბაზარზე გამოჩენისკენ ისწრაფვის LG და Motorola.

ასეთი მოწყობილობები მწარმოებლებს ახალ ბაზრებსა და პლატფორმებს უხსნიან.

ახალ ტექნოლოგიებს მხოლოდ გასართობი პოტენციალი არ აქვს. მაგალითად სათვალე Google Glass-ს დუბაის პოლიცია ტესტავს, როგორც მომავალში ქუჩაში მოძრაობის მაკონტროლებელ საშუალებას.