Apple: iPhone-ი იშვიათად იღუნება

კომპანია Apple-მა უპასუხა მომხმარებლების პრეტენზიებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ახალი iPhone 6 შარვლის ჯიბეში იღუნება.

კომპანიაში განაცხადეს, რომ მსგავსი დეფექტი იშვიათია, ტელეფონის ნორმალური გამოყენების შემთხვევაში. განცხადებაში კომპანიამ აღნიშნა, რომ ტელეფონის კორპუსი დამზადებულია ალუმინისგან, რომელიც ძლიერ ზეწოლასაც უძლებს. გარდა ამისა, ტელეფონი მოპირკეთებულია უჟანგავი მეტალით და მასში არის ტიტანის დეტალები, რათა გაამაგროს iPhone-ის ის ნაწილები, რომელზეც ყველაზე მეტი დატვირთვა მოდის.

”ჩვენ ამ ხარისხიან მასალას და კონსტრუქციას ძალიან ყურადღებით ვარჩევდით, მათი გამძლეობისა და საიმედობის გათვალისწინებით. iPhone 6 და hone 6 Plus შეესაბამება ან აღემატება ყველა სტანდარტს, გაყიდვების დაწყებიდან დღემდე, ტელეფონის გაღუნვის მხოლოდ 9 შემთხვევა დაფიქსირდა” - განაცხადეს კომპანიაში.

”ბი-ბი-სიმ” საკუთარი არასამეცნიერო ექსპერიმენტი ჩაატარა და შეეცადა დაედგინა, მართლა იღუნება თუ არა ახალი iPhone შარვლის ჯობეში. როგორც ექსპერიმენტმა გვიჩვენა ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ამავდროულად, Apple-ის აქციების ღირებულება მას შემდეგ დაეცა, რაც მომხმარებელმა საკუთარი დაზაინებული აიფონების სურათები სოციალურ ქსელებში განათავსეს.

თუმცა, ეს ერთადერთი პრობლემა არაა, რომელსაც მომხმარებლები გადააწყდნენ. ახალი ოპერაციული სისტემის განახლებასთან დაკავშირებით, მომხმარებლებს გარკვეული დროის განმავლობაში შეეზღუდათ დარეკვისა და ზარების მიღების შესაძლებლობა. მომხდართან დაკავშირებით, კონკურენტმა ფირმებმა უკვე განათავსეს შეტყობინებები, რომლებიც ირიბად მიუთითებენ Apple-ს პრობლემებზე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, Apple-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაყიდვების პირველი დღიდან უკვე 10 მილიონზე მეტი iPhone 6 და iPhone 6+ გაიყიდა.