”მერსედესის” მომავლის სატვირთო თვითონ დადის

საწვავის ნაკლები ხარჯი, ნაკლები სტრესი, ნაკლები ავარიები...

აი, ასეთი უპირატესობები აქვს მომავლის სატვირთო ავტომობილს, რომელსაც Future Truck ჰქვია და რომელიც ”მერსედესმა” შექმნა.

”მერსედესმა” ეს სატვირთო ჰანოვერის სატვირთო და კორპორატიული ავტომობილების გამოფენაზე (25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე) წარმოადგინა, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კი ის უკვე გატესტეს.

კარბონისა და LED-დიოდების სიუხვე თანამედროვე ავტომობილში გასაკვირი აღარ არის, მაგრამ სატვირთო ავტომობილისთვის კი ნამდვილად ახალი ხილია. შერჩება თუ არა ამ კონცეპტს ასეთი აეროდინამიკული დიზაინი, ესეც ცალკე განსჯის თემაა, თუმცა ჩვენ მთავარზე ვისაუბროთ: საჭესთან მოკალათებული ხვდები, რომ ეს ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა არ არის. მძღოლი ფაქტობრივად ლოჟაში ზის: ხის იატაკი, კრემისფერი ტყავის სავარძლები და მაჩვენებელთა დაფის ლურჯი განათება სწორედ მომავლის სიმღერაა. სხვამხრივ კი ყველაფერი ჩვეულებრივადაა: საჭე, სიგნალი, მოხვევის ციმციმას ბერკეტი, გაზის პედალი, მუხრუჭი...

სამაგიეროდ, უჩვეულოა საჭის უკან განთავსებული ფერადი ეკრანი და მარჯვენა მხარეს ჩადებული 12,4-დუიმიანი ტაბლეტი, რომელიც სხვადასხვა ცნობებს გვაწვდის.

მანქანის მთავარ ინჟინერ ტიმო ჰეგელესთან ერთად 12 კილომეტრი გავიარეთ. ჰეგელემ ავტობანზე Highway Pilot ჩართო - რეჟიმი, რომელიც ამ მანქანის ყველაზე მთავარი სიახლეა. ჩართო თუ არა, საჭეს მაშინვე ხელები გაუშვა და მძღოლის სავარძელი 45 გრადუსით მარჯვნივ შემოატრიალა, მომავლის სატვირთომ კი გზა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად განაგრძო! ამ დროს ჰეგელემ ტაბლეტი აიღო და ინტერნეტში შეძვრა - ვითომც აქ არაფერი, მანქანა მიდის, მძღოლი მშვიდადაა.

როცა საჭიროა, სატვირთო თავისით, ავტომატურად ამუხრუჭებს და დისტანციასაც ინარჩუნებს. ერთ მომენტში უკნიდან სახანძრო ავტომობილი მოგვიახლოვდა, რომელსაც სირენა ჩართული ჰქონდა - ამ დროს ჩვენმა სატვირთომ სვლა შეანელა და ავარიული განათება ჩართო.

იხილეთ სტატია სრულად + ვიდეო