ახალ კომპიუტერულ ვირუსს ეკრანის სქრინშოტის გადაღება და წაშლილი ფაილების აღდგენაც შეუძლია

ექსპერტები ახლადწარმოქმნილ ვირუსს კომპიუტერულ ”ჭია” Stuxnet-ს ადარებენ, რომელიც 2010 წლიდან ირანის ბირთვულ ობიექტებს ავირუსებდა

ანტივირუსების Symantec-ისა და Kaspersky-ის მწარმოებლები განგაშის ზარს სცემენ, სათვალთვალო კომპიუტერული ვირუსის Regin-ის აღმოჩენასთან დაკავშირებით, რომელსაც შეუძლია გვერდების სქრინშოტის გაკეთება და წაშლილი ფაილების აღდგენა.

ზემოთ აღნიშნული, ვირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული კომპიუტერი რუსეთში, საუდის არაბეთში, ირლანდიაში, ირანსა და მექსიკაშია აღმოჩენილი. ვარაუდობენ, რომ ვირუსის მსხვერპლთა რიგებში, რუსული ტელე-საკომუნიკაციო კომპანიებიც არიან. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ვირუსი სახელმწიფო ლაბორატორიებშია შექმნილი. ”სავარაუდოდ, იგი დასავლეთის რომელიმე სპეცსამსახურის მიერაა შექმნილი”,- აცხადებს ბი-ბი-სი-სთან ინტევიუში, კომპანია Symantec-ის სტრატეგიული კვლევების მიმართულების თანამშრომელი შან ჯონი.

ამასთან ერთად, უსაფრთხოების სამსახურის ინკოგნიტო თანამშრომლის განცხადებით, არ ღირს დასკვნების გამოტანა იმის შესახებ, რომ ვირუსის შემქმნელი არ ეკუთვნის იმ ქვეყანას, სადაც მისი გამოყენება ყველაზე ხშირად გვხვდება.

”ზოგიერთი სახელმწიფო და სპეცსამსახური შეიძლება მსგავს პროგრამას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზეც იყენებდეს”, - დარწმუნებულია იგი.

ექსპერტები ახლადწარმოქმნილ ვირუსს კომპიუტერულ ”ჭია” Stuxnet-ს ადარებენ, რომელიც 2010 წლიდან ირანის ბირთვულ ობიექტებს ავირუსებდა. მაშინ ირანმა ზიანის მომტანი კოდის შექმნაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულა. ვირუსი Stuxnet-ის შექმნის მიზანს იმ ცენტრიფუგების მწყობრიდან გამოყვანა წარმოადგენდა, რომლებზეც ურანის გამდიდრება ხდება.

სპეციალისტების თქმით, Regin უფრო სრულყოფილი პროდუქტია, რომელმაც IT-გიგანტის Microsoft-ის საფოსტო ყუთების სერვერში შეჭრაც კი მოახერხა.