"ფეისბუქს" შესაძლოა, "არ მომწონს" ღილაკი დაემატოს

"ფეისბუქის" შემქმნელი მარკ ცუკერბერგი, სოციალურ ქსელში სიახლის დანერგვაზე ფიქრობს, რაც ახალი "არ მომწონს" ღილაკის დამატებაში გამოიხატება.

კალიფორნიაში, აუდიტორიის წინაშე გამოსვლის დროს, მარკმა აღნიშნა, რომ "არ მომწონს" ღილაკი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფუნქციაა, რომლის დამატებასაც მას ხშირად სთხოვენ. თუმცა, ცუკერბერგის თქმით, თუკი ეს ღილაკი ნამდვილად დაემატება სოციალურ ქსელს, აუცილებელია, რომ იგი არ იქცეს, პოსტის ან სტატუსის ავტორის დამცირების ან შეურაცხყოფის საშუალებად.

"ფეისბუქის" მთვლელზე დაყრდნობით, ცნობილია, რომ ქსელში ყოველდღიურად 4,5 მილიარდი "ლაიქი" ჩნდება. "ჩვენ დიდი ხანია ვფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რათა ქსელის მომხმარებლებს, ემოციების გაცილებით უფრო ფართო სპექტრის გამოხატვის საშუალება მივცეთ", - განაცხადა ცუკერბერგმა კომპანია "ფეისბუქის" შტაბ-ბინაში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე გამოსვლის დროს.

ცუკერბერგის თქმით, "ძალიან ხშირად ადამიანები სოციალურ ქსელებში, ცხოვრების ნაღვლიან და მოწყენილ მოვლენებზე წერენ, მომხმარებლები ამბობენ, რომ მათ რცხვენიათ მსგავს სტატუსებზე "ლაიქების" წერა, მათი აზრით, ეს შეუსაბამო რეაქციაა".