კომპანია "გუგლის" ხელმძღვანელმა ინტერნეტის "სიკვდილი" იწინასწარმეტყველა

კომპანია "გუგლის" ხელმძღვანელი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მეწარმე ერიკ შმიდტი მიიჩნევს, რომ ინტერნეტის დღეები უკვე დათვლილია.

ეს აზრი მან, 22 იანვარს, დავოსში მიმდინარე მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე გამოთქვა. როდესაც მას ჰკითხეს, როგორი მომავალი ელის გლობალურ ელექტრონულ ქსელს, მან განაცხადა, რომ: "ინტერნეტი გაქრება". "იმდენი IP-მისამართები, სხვადასხვა მოწყობილობები, გადამცემები იქნება, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, რომ ჩვენ მათ ვეღარც ვიგრძნობთ, ეს ყველაფერი ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილი გახდება. თქვენ უამრავი ძლიერი ტექნიკური პლატფორმის წარმოქმნის მომსწრენი ხართ, ხედავთ, როგორ იცვლება, ან შეიცვლება დომინანტთა რიგები", - აღნიშნა შმიდტმა. მისივე განცხადებით, ამჟამად სრულიად წარმოუდგენელია, იწინასწარმეტყველო როგორი იქნება ელექტრონული მოწყობილობების ინფრასტრუქტურა: ”მოცემულ მომენტში მე ამ ბაზარს, როგორც სრულიად ღიას განვიხილავ".