ჩინური კომპანია 3D პრინტერით სახლებს აშენებს

ჩინურმა კომპანია WinSun-მა, 3D პრინტერის მეშვეობით, ნამდვილი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაიწყო.

ამ დროისთვის კომპანიამ უკვე ააშენა ოთხსართულიანი კორპუსი და სამსართულიანი სახლი. კომპანია ძირითად საშენ მასალად სპეციალურ შენაერთს იყენებს, რომელიც რამდენიმე სამშენებლო მასალას აერთიანებს. გარდა ამისა, მწარმოებლების თქმით, საშენი მასალა განსაკუთრებული დრეკადობის გამო, მიწისძვრის დროს უსაფრთხოა. გარდა ამისა, საშენ მასალას კარგი თბოიზოლაცია ახასიათებს.

3D პრინტერის გამოყენების ძირითადი დადებითი თვისებები მშენებლობისთვის საჭირო დროის, საშენი მასალისა და მუშახელის სიმცირეა. ასეთი სახლების პროექტირების დროს, იქმნება ნახაზები, რომელთა მეშვეობითაც პრინტერი ყველა საჭირო ელემენტს ბეჭდავს. შემდეგ კი მათი საჭირო ადგილზე მიმაგრება ხდება.