პლანშეტების გაყიდვების რაოდენობა მცირდება

კომპიუტერული ტექნიკის ბაზარზე ე.წ "ტაბლეტების" გაყიდვების რაოდენობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შემცირდა.

გასული წლის ბოლო კვარტალში პლანშეტური კომპიუტერების გაყიდვებმა მსოფლიოში 12 პროცენტით იკლო 2013 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ბაზარზე ამ მხრივ ლიდერი Apple-ის "პლანშეტების" გაყიდვებიც კი 15 პროცენტით შემცირდა. სულ უფრო მეტი მომხმარებელი ამბობს უარს "ტაბლეტის" შეძენაზე, ვინაიდან ისინი მიიჩნევენ, რომ "სმარტფონებთან" შედარებით პლანშეტურ კომპიუტერებს არანაირი უპირატესობა არ აქვთ.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ კი ამ სფეროს ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ ე.წ "ტაბლეტების" გაყიდვები გაიზრდებოდა და ეს სეგმენტი კომპიუტერული ტექნიკის ბაზარს დაიპყრობდა. მათი გათვლებით, 2016 წლისთვის 375 მილიონი პორტატული კომპიუტერი გაიყიდებოდა. თუმცა, მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. მომავალ კვირას ბარსელონაში მობილური ინდუსტრიის მსოფლიო კონგრესი გაიხსნება, სადაც პლანშეტური კომპიუტერების მწარმოებლები კიდევ ერთხელ შეეცდებიან მომხმარებლის ყურადღების მიპყრობას ახალი მოდელის "ტაბლეტების" პრეზენტაციით.