მცხეთის გამგებლის წარმომადგენელი 4 ათასი ლარის აღების ფაქტზე დააკავეს

მცხეთის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის სახით, 4 ათასი ლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელეა დაკავებული.

გამოძიებით დადგენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლისის ტერიტორიულ ორგანოში კურბანალ კარაევმა სოფელ ნაფეტვრების ტერიტორიაზე განთავსებული სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელზე, სამშენებლო ნარჩენების გადაყრის უფლებისა და შემდგომში მფარველობისა და საჯარიმო სანქციისგან არიდების სანაცვლოდ, ერთ-ერთი საწარმოს დირექტორს ქრთამის სახით მოსთხოვა 4 000 ლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დააკავა ქრთამის აღების ფაქტზე.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.