რუსი ჯარისკაცები სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობა ურყევი დარჩება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროპა პირველი დღიდან უკრაინის გვერდით დგას იარაღით, თანხით, ლტოლვილთა მიღებით და მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებით. რუსეთის ფინანსური სექტორი გადარჩენისთვის იბრძვის. ჩვენ რუსეთის საბანკო სექტორის სამი მეოთხედი საერთაშორისო ბაზრებს ჩამოვაშორეთ“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, რუსეთი დაახლოებით ათასმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა.

„გასულ წელთან შედარებით ავტომობილების წარმოება სამი მეოთხედით შემცირდა. „აეროფლოტის“ თვითმფრინავები ვერ დაფრინავენ, რადგან სათადარიგო ნაწილები აღარ არის. რუსი სამხედროები იღებენ ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად, რადგან მათ ნახევარგამტარების მარაგი ამოეწურათ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ეს არის ფასი, რომლის გადახდაც რუსეთს პუტინის მიერ ჩადენილი მკვლელობისა და ნგრევის გამო უწევს.

„სწორედ კრემლმა დააყენა რუსეთის ეკონომიკა ამ გზაზე. ეს არის პუტინის მიერ ჩადენილი მკვლელობისა და ნგრევის ფასი. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ სანქციები ძალაში დარჩება. დროა, გამოვიჩინოთ სიმტკიცე და არა დაყვავება“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.