ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ამ ეტაპზე 92 000 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული, საიდანაც დაახლოებით, 47 000 ოჯახი ბინით დაკმაყოფილდა

საქართველოში, ამ ეტაპზე 92 000 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული, საიდანაც დაახლოებით, ბინით 47 000 ოჯახი დაკმაყოფილდა, ხოლო 44 000 ოჯახი დასაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2022 წლის დასაწყისიდან 8 თვის განმავლობაში ბინა 2 651 დევნილ ოჯახს გადაეცა, საიდანაც 1 791-მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში მიიღო.

„იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების უსაფრთხოება და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა კვლავაც სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. წლის დასაწყისში ჩვენ დავაანონსეთ 13 ათასი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილების პროგრამა, რომელიც შემდეგი 3 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ამ ეტაპზე დაახლოებით, 290 000 დევნილი არის რეგისტრირებული საქართველოში, რაც დაახლოებით, 92 000 ოჯახია და აქედან 47 000 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია, 44 000 ოჯახი არის დასაკმაყოფილებელი. 2022 წლის განმავლობაში, წლის დასაწყისიდან 8 თვის განმავლობაში დაკმაყოფილებულია 2 651 დევნილი ოჯახი, საიდანაც 1 791 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამით დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენი ოჯახებიდან - 438 ოჯახი დაკმაყოფილდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით, ხოლო დანარჩენს გადაეცა ბინა ახალაშენებულ კორპუსში.

რაც შეეხება გრძელვადიან პროგრამას, რომელიც წლის დასაწყისში დაანონსდა და ითვალისწინებს 13 000 ოჯახის დაკმაყოფილებას - ამ 13 000 ოჯახიდან, 6 000 „სოფლად სახლის“ პროგრამით არის გათვალისწინებული, 7 000 ბინა კი საქართველოს 5 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბორჯომსა და რუსთავში აშენდება. კერძოდ, რუსთავში იქნება 800 ბინა, ბორჯომში - 150 ბინა, რომლის ტენდერი ჩატარდა და შეფასების ეტაპზე და ველოდებით, რომ სექტემბრის ბოლოს უკვე კონტრაქტორი გვეყოლება და დავიწყებთ მშენებლობას, თბილისში დაახლოებით 3000 ბინის აშენებაა გათვალისწინებული, საიდანაც 2 400 იქნება ახლადაშენებული ბინა, კონკრეტულად უკვე განსაზღვრულია ტერიტორიაც და სატენდერო პროცედურები უკვე დაწყებულია და მალე გამოცხადდება; დაახლოებით, 650 ბინა გაგრძელდება მენაშენეთა პროგრამით, რომელიც შემდეგი 3 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს; ქუთაისში აშენდება 720 ბინა, ზუგდიდში -1700 ბინა.

„სოფლად სახლის“ პროგრამა საკმაოდ აქტუალურია და დევნილ ოჯახებში პოპულარობით სარგებლობს და წელს დაპირებული 2 000 დასაფინანსებელი პროექტიდან, 1800 უკვე დაკმაყოფილებულია, 600 განაცხადზე უკვე დადებითი დასტურია მიცემული და ველოდებით, რომ წლის ბოლომდე ისინი წარმოგვიდგენენ სახლებს და ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე ჯამში 2 400-მდე გამოგვივა დაფინანსებული“, - განაცხადა ღუდუშაურმა.