ოთარ შამუგია კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელ დირექტორს, ტობიას მიუნხმაიერს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა ტობიას მიუნხმაიერს მრავალი წლის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფონდს საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი.

„მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ოთარ შამუგიამ ბიომრავალფეროვნების დაცვის პრიორიტეტულობაზე და ამ მიმართულებით დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე ტობიას მიუნხმაიერმა აღნიშნა, რომ კავკასიის ბუნების ფონდი მომავალშიც გეგმავს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და ნინო თანდილაშვილი, ასევე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.