კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, საბავშვო ბაღებში კვების უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი ინერგება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები ბაღებში შემსუბუქდა. ამის შესახებ გვანცელაძემ ისანში, ახალი საბავშვო ბაღის გახსნაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განცხადებით, თბილისში 187 ბაღი ფუნქციონირებს.

"პირველ რიგში მინდა ყველა აღსაზრდელს მივულოცო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება. ასევე ჩვენს თანამშრომლებს და ვუსურვო წარმატებული წელი. რაც შეეხება სიახლეებს - დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახალ საბავშვო ბაღში, რომელიც არის 8 ჯგუფიანი და 230 ბავშვის მიღება შეუძლია. დაახლოებით, 3 მილიონი დაიხარჯა ამ პროექტზე და არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. მნიშვნელოვანია ვაცნობოთ მშობლებს, რომ რეგულაციები კორონავირუსიდან გამომდინარე ბაღებში შემსუბუქდა და მათ უკვე შეუძლიათ შენობებში შესვლა და მათთვის საინტერესო სივრცეების დათვალიერება. ასევე, შეუძლიათ უშუალოდ ადმინისტრაციას მიაწოდონ კონკრეტული რეკომენდაციები იმის შესახებ თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბაღების მართვის სისტემა. ბაღებში ინერგება კვების უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი. ჩატარდა ანალიტიკა და შეიძლება ითქვას, რომ ბაღების უმეტესობა აკმაყოფილებს სრულიად ამ სტანდარტს და მომავალი თვეების განმავლობაში მოხდება ამ სტანდარტის ინტეგრირება ჩვენს ბაღებში. 187 ბაღი ფუნქციონირებს თბილისში და ყველა გაიხსნა დღეს. 11 ათასი თანამშრომელი და 61 000 ბავშვი გვყავს", - განაცხადა გვანცელაძემ.