ფინეთის ხელისფლებამ სანქცირებული რუსების დაპატიმრებული ქონება გააორმაგა

ფინეთის ხელისუფლებას სანქცირებული რუსების კუთვნილი 189 მლნ ევროს ოდენობის ქონება აქვს დაპატიმრებული. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი, MTV Uutiset ავრცელებს.

სასამართლო მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, დაკავებები ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანილ რამდენიმე ათეულ ორგანიზაციას შეეხო. ამჟამად ორასი სხვადასხვა სახის დროებითი ან მუდმივი კონფისკაცია მოქმედებს.

საინკასო სამსახურის მეკავშირე სპეციალისტი, აკი ვირტანენი აცხადებს, რომ „მანდატურების მიერ გამოძიება წარმატებით გრძელდება, თუმცა ამოცანა გრძელვადიანი და რთულია. ამასთან, ევროკავშირის სანქციების სიას ახალი ფიგურანტები დაემატა“.

ჩამორთმეული ქონების სიაში შედის არამატერიალური აქტივების დიდი რაოდენობა, როგორიც არის დებიტორული დავალიანება, აქციები და ანგარიშებზე არსებული ნაღდი ფული. ასევე, კონფისკაციას დაექვემდებარა უძრავი ქონების ობიექტიები, სხვადასხვა სამრეწველო ნედლეული და სატრანსპორტო საშუალებები. ხელისუფლება, კონფიდენციალურობის დებულების საფუძველზე, ცალკეული დაკავებების დეტალებს, ასევე, იმ პირთა ვინაობას არ ამჟღავნებს, რომელთა ქონებაც დაყადაღებულია.

ზაფხულის დასაწყისში ფინეთის ხელისუფლებას, დაახლოებით, 80 მლნ ევრო რუსული ქონება ჰქონდა დაპატიმრებული, რაც მთელი სეზონის განმავლობაში გაორმაგდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ