საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 213.3 ლარით გაიზარდა

2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით (213.3 ლარით) გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 108.8 (გაიზარდა 43.1 პროცენტით);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 671.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 13.4 პროცენტით);

მშენებლობა - 2 177.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.5 პროცენტით);

სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2 026.4 ლარი (გაიზარდა 16.6 პროცენტით).

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მე-2 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 240.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 828.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 162.8 ლარი (15.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 268.5 ლარი (17.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

„2022 წლის მე-2 კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 236.2 ლარით (17.0%) გაიზარდა და 1 625.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 209.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 45.3 პროცენტით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 631.0 ლარი, გაიზარდა 38.6 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

2022 წლის მე-2 კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 170.2 ლარით (13.9%) გაიზარდა და 1 396.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთამთიანეთის რეგიონი,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი