საარსებო მინიმუმი აგვისტოში 1.5 ლარით გაიზარდა

2022 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.5 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 246.8 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2022 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 245.3 ლარი იყო.

2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2022 წლის აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 25.7 ლარით არის გაზრდილი. 2021-ის აგვისტოში საარსებო მინიმუმი 221.1 ლარს შეადგენდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით, 1.3 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 217.3 ლარის ნაცვლად, 218.6 გახდა. რაც შეეხება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს, 2021-ის აგვისტოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 195.8 ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

თაია არდოტელი