ეკონომიკის სამინისტროში EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკის სამინისტროში EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა - ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები და სხვა მნიშნველოვანი საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ბანკმა საქართველოში განხორციელებულ 270 პროექტში 4,9 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ამასთან, თანხის 79 პროცენტი კერძო სექტორის დაფინანსებას მოხმარდა.

„ხაზი გაესვა, რომ ბანკის პორტფელი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს მოიცავს. აღინიშნა, რომ განხორციელებული ინვესტიციით საქართველოს ეკონომიკის მდგრად და გრძელვადიან განვითარებას ხელი შეეწყო.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, რომლებიც ევროპული ფასეულობების დანერგვისა და ეკონომიკური გარდაქმნებისკენ არის მიმართული.

აღინიშნა, რომ ბანკი საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს, რათა მათ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებლის მიღება უკეთ შეძლონ. ამ მხრივ, ბანკი კვლავ გამოიყენებს უკვე აპრობირებულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის გატანასა და ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე წარიმართა, მათ შორის, განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებაზე. EBRD-ის მხარემ დაინტერესება გამოხატა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოში როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ენერგეტიკულ პროექტებს. კიდევ ერთ პრიორიტეტად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია დასახელდა, რომლის მიმართაც ბანკმა ასევე დაინტერესება გამოხატა. აღინიშნა, რომ ბანკი მხარდაჭერას აღმოუჩენს როგორც საჯარო უწყებებს კომპეტენციის ზრდის მიმართულებით, ისე - კერძო სექტორს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის ახალი პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.