სემეკ-ი ბუნებრივი გაზის წნევისა და კალორიულობის შემოწმებას იწყებს

საქრთველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი გაზის წნევისა და კალორიულობის შემოწმებას იწყებს.

სემეკ-ის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის წნევის ვარდნასთან და თბოუნარიანობასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მოქალაქეთა არაერთი განცხადება და სატელეფონო შეტყობინება დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, კომისია გაზგამანაწილებელ კომპანიებთან ერთად მონიტორინგს იწყებს და შეამოწმებს ბუნებრივი გაზის წნევას როგორც უბნებში, ასევე ინდივიდუალურად, იმ მოქალაქეების საცხოვრებელ ფართებში, რომლებიც შესაბამისი მოთხოვნით დაუკავშირდებიან კომისიას. ამასთანავე, საქართველოში შემოსული ბუნებრივი გაზის თბოუნარიანობის (კალორიულობის) შესახებ მონაცემების ნახვა შესაძლებელია საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ვებ გვერდზე.

როგორც სემეკ-ში აცხადებენ, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ყოველდღიურად ხდება საქართველოში შემოსული ბუნებრივი გაზის თბოუნარიანობის (კალორიულობის) გაზომვა. ლაბორატორიის მონაცემებით, 2015 წლის იანვრიდან დღემდე ბუნებრივი გაზის საშუალო კალორიულობამ შეადგინა 8375 კკალ/მ3. მათივე ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის ხარისხი (ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები: სიმკვირივე, თბოუნარიანობა, ქიმიური შემადგენლობა) განსაზღვრულია სახელმწიფოთაშორისი სტანდარტით ГОСТ 5542-87, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი გაზის მინიმალური დასაშვები თბოუნარიანობა შეადგენს 7600კკალ/მ3-ს სტანდარტულ პირობებში. გარდა ამისა საქართველოს კანონში "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" ბუნებრივი გაზის თბურ შემცველობად განსაზღვრულია არანაკლებ 31.8მგჯ/მ3-სა (7600 კკალ/მ3);

"რაც შეეხება ბუნებრივი გაზის წნევის ვარდნას, იგი შეიძლება გამოწვეული იქნეს სხვადასხვა მიზეზებით, რომელიც შეიძლება იყოს ინდივიდუალური აბონენტის შიდა ქსელის პრობლემა ან საერთო, უბნის პრობლემა. კომისია აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით აქტიურად თანამშრომლობს გაზგამანაწილებელ კომპანიებთან, რათა მოხდეს პრობლემატურ უბნებში ქსელის რეაბილიტაცია ან გაძლიერება. კომისიის მიერ დამტკიცებული "ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების" შესაბამისად, მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება, გაზის მომხმარებელი დანადგარების შესაბამისი სამუშაო წნევით, წარმოადგენს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის - გაზგამანაწილებელი კომპანიის ვალდებულებას.

ბუნებრივი გაზის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა წარმოადგენს კომისიის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ამჟამად მუშაობს ბუნებრივი გაზის კომერციული მომსახურების წესებზე, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის სექტორში მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის ურთიერთობების უკეთ დარეგულირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", - აცხადებენ სემეკ-ში.