მსოფლიოში კონტეინერების გადაზიდვის ფასები ერთ წელში განახევრდა - მკვეთრი კლების მიზეზები

კონტეინერების საერთაშორისო გადაზიდვების ტარიფები რამდენიმე თვეა, მკვეთრად იკლებს. მსოფლიოში წამყვან Freightos Baltic ინდექსს, რომელიც კონტეინერების საზღვაო გადაზიდვების საშუალო ტარიფს ზომავს 12 მთავარ სავაჭრო მარშრუტზე დაყრდნობით, თითქმის ერთი წელია კლების ტენდენცია აქვს.

ამ ინდექსის მიხედვით, გასული წლის სექტემბერს 40 ფუტიანი (12.2 მეტრი) კონტეინერის გადაზიდვის საშუალო ფასმა თუ ისტორიულ მაქსიმუმს, 11,109 აშშ დოლარს მიაღწია, ამჟამად ის თითქმის განახევრებულია (56%-იანი კლება) და 4,862 დოლარიან ნიშნულზეა.

ზედიზედ 28-ე კვირაა იკლებს Drewry-ის საკონტეინერო ინდექსიც, რომელიც ზომავს გადაზიდვის საშუალო ტარიფს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი 7 მთავარი საზღვაო სავაჭრო გზისთვის. ინდექსმა მიმდინარე კვირაში 5%-ით დაიკლო, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით კი 47%-ით, თუმცა, მიუხედავად შემცირებისა, ახლანდელი მაჩვენებელი, 5,379 დოლარი, გასული 5 წლის საშუალოზე მაინც 46%-ით მეტია.

როგორ იცვლებოდა Freightos Baltic ინდექსი 2019 წლის პირველი კვირიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით:

ko-1663229205.png

გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ საკონტეინერო გადაზიდვების ფასები რეკორდული ზრდისკენ გზას პოსტ-პანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდში დაადგა და ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წლის სექტემბერში მიაღწია. ამგვარი ზრდის ძირითადი მიზეზები, ერთი მხრივ, სავაჭრო ბუმი და მეორე მხრივ, პანდემიის შედეგად ქვეყნებს შორის სავაჭრო მარშრუტების გადანაცვლებაა, რამაც გადაზიდვები უფრო რთული და ძვირი გახადა.

პიკის მიღწევის შემდეგ ტარიფები თანდათან იწყებს შემცირებას და მარტამდე მერყევი ტენდენცია აქვს, მკვეთრი დაღმასვლა კი მარტის პირველი კვირიდან იწყება.

მიზეზები მსოფლიო ვაჭრობის ზრდის სტაგნაციას უკავშირდება, რაზეც, თავის მხრივ, ომსა და ჩინეთის ლოკდაუნებს აქვს გავლენა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვაჭრობის ზრდის წლიური ტემპი 3.2%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2021 წლის ბოლო კვარტალში ეს მაჩვენებელი 5.7% იყო.

ვაჭრობის სტაგნაცია და გადაზიდვების ფასების ზრდა, მიანიშნებს იმაზეც, რომ მსოფლიო რეცესიის რისკის წინაშეა - ინფლაციის მაღალი დონის გამო აშშ-ს ფედერალური რეზერვისა თუ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მომხმარებლების მოთხოვნას ამცირებს საქონელზე.

მიუხედავად იმისა, რომ WTO წელს გლობალური ვაჭრობის ზრდას პროგნოზირებს, მომავალი მაინც ბუნდოვანია რუსეთის სამხედრო აგრესიის, სამომხმარებლო ფასებისა და შესაბამისად, ეროვნული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის გამო განვითარებად ეკონომიკებში.

S&P Global Market Intelligence-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო თვეებში გარკვეული სეზონური გაუმჯობესება მოსალოდნელია ამ სექტორში, არასტაბილურობა და დაბალი ფასები მოკლევადიან პერიოდში კვლავ შენარჩუნდება, რასაც მოსალოდნელზე დაბალი ეკონომიკური ზრდა იწვევს მსოფლიოში.

კახი ჩაკვეტაძე