ევროკომისია იძულებითი შრომით წარმოებული საქონლის აკრძალვას მოითხოვს

ევროკომისია ევროკავშირის ტერიტორიაზე იძულებითი შრომით წარმოებული საქონლის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვალდის დომბროვსკისის განცხადებით, „იძულებითი შრომა არის თანამედროვე მონობის სასტიკი ფორმა, რომელმაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ჩაითრია, ამიტომ ევროკავშირის ბაზარი თავისუფალი უნდა იყოს იძულებითი შრომით დამზადებული, მოპოვებული ან შეგროვებული პროდუქტებისგან“.

არალეგალური შრომით დამზადებული საქონლის აკრძალვაზე თავისი განზრახვა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ჯერ კიდევ გასულ წელს გაახმიანა. მას შემდეგ ბრიუსელი იმის უზრუნველსაყოფად მუშაობს, რომ აკრძალვამ საერთაშორისო ვაჭრობის წესები არ დაარღვიოს.

ინიციატივა, ძირითადად, მიმართულია ჩინეთის წინააღმდეგ, რომელსაც სინცზიან-უიგურულ ავტონომიურ რეგიონში უიგური მუსლიმების „შრომის ბანაკების“ მოწყობა ედება ბრალად. პეკინი, ტექსტილიდან ელექტრონიკამდე, ყველა სახის პროდუქციის საწარმოებლად იძულებითი შრომის გამოყენებაში არის ეჭვმიტანილი.

დომბროვსკისი მხარს უჭერს იძულებით შრომასთან დაკავშირებული საქონლის სრულ აკრძალვას, რაც ევროკავშირისთვის არის წარმოებული.

„ეს მნიშვნელოვანია აკრძალვის ეფექტურობისთვის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად“, - განმარტავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

ევროპარლამენტმა შესაბამისი რეზოლუცია უკვე მიიღო. ევროკომისიის ინიციატივა ამჟამად ევროპულმა საბჭომ უნდა განიხილოს, რის შემდეგაც საბჭომ და ევროპარლამენტმა, ევროკომისიასთან ერთად, იძულებითი შრომით წარმოებული საქონლის აკრძალვაზე საბოლოო დოკუმენტი უნდა შეიმუშაოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ