საბერძნეთი შეშასა და თანამედროვე ბიოსაწვავზე ფასების ლიმიტს აწესებს

საბერძნეთში შეშაზე ფასების ლიმიტი დაწესდება. ფასის შეზღუდვა, ასევე გავრცელდება პელეტზეც (გრანულაზე), რაც ბიომასის დაპრესვით დამზადებული თანამედროვე ბიოსაწვავია. ქვეყნის განვითარების სამინისტროს გეგმა უწყების ხელმძღვანელმა, ადონის გეორგიადისმა გაახმიანა, რასაც Euractiv ავრცელებს.

მიზეზად შეშისა და პელეტის, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით, 30%-ით გაძვირება სახელდება.

„ეს, რა თქმა უნდა, ბაზარზე ჩარევა იქნება, თუმცა საცალო ფასების ლიმიტი ისეთ დონეზე იქნება, რომ შავი ბაზარი არ შეიქმნება. ბუნებრივი აირის გაძვირების გამო შეშის ბაზარზე სპეკულაციას არ დავუშვებთ“, - აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, გაზისა და ელექტროენერგიის ფასების მკვეთრ მატებასთან ერთად, ბევრი ევროპული ოჯახი ამ ზამთარში სითბოს ალტერნატიულ წყაროზე, შეშაზე გადადის. მასზე მოთხოვნის ზრდა, ასევე, რუსეთიდან შემცირებული მიწოდება შეშასა და ბიოსაწვავს აძვირებს და იწვევს დეფიციტს, რაც მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფების გათბობის გარეშე დარჩენის საფრთხეს ქმნის.

Bioenergy Europe-ის ანგარიშში წერია, რომ მერქნისგან ენერგიის წარმოებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა დეფიციტს განიცდის, ხოლო პელეტის ფასები ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის გერმანია და ბელგია, დაახლოებით, 2,5-ჯერ გაიზარდა.

ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, ენერგიის დაზოგვის ეროვნული ღონისძიებების ფარგლებში, ათენის ცენტრში მდებარე პარლამენტის შენობის გარე განათება ღამით აღარ ჩაირთვება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ