ჯანდაცვის სამინისტრო - რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა 20 თვის ნაცვლად 6-თვიანი გახდება

საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩატარებული კვლევა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მსოფლიო გაიდლაინს ცვლის. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა 20 თვის ნაცვლად 6-თვიანი გახდება, ყოველდღიურად მისაღები 23 აბის ნაცვლად კი პაციენტი მხოლოდ 5 აბს მიიღებს.

„კვლევის შედეგები რევოლუციური სიახლეა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობაში. კვლევა საფუძვლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის გაიდლაინში მოცემულ 6-თვიან სამკურნალო რეჟიმებს დაედო. ცვლილება, როგორც რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის გლობალური სტანდარტი, 2022 წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

მულტიცენტრული კლინიკური კვლევა “Zenix“ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩატარდა, მასში მონაწილეობდა ცენტრის კვლევითი, კლინიკური და ლაბორატორიული გუნდი. ძირითადი მკვლევრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმის ლალი მიქიაშვილის ხელმძღვანელობით და კვლევების დეპარტამენტის კოორდინაციით.

კვლევაში რამდენიმე ქვეყნის წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები მონაწილეობდნენ. შედეგები მსოფლიოში უმაღლესი იმპაქტფაქტორის მქონე ჟურნალის - The New England Journal of Medicine (NEJM) -ის 2022 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.