პარტიების მიერ წლის განმავლობაში დასახარჯი თანხის ზედა ზღვარი შესაძლოა შემცირდეს და 60 მილიონის ნაცვლად 30 მილიონი გახდეს

პარტიების მიერ წლის განმავლობაში დასახარჯი თანხის ზედა ზღვარი შესაძლოა შემცირდეს - “ქართული ოცნება“ პოლიტიკურ გაერთიანებებს ინიციატივას სთავაზობს, რომლის თანახმადაც, თითოეულ პარტიას წლის განმავლობაში მშპ-ს 0.05%-ზე მეტის დახარჯვის შესაძლებლობა არ ექნება.

მოქმედი კანონით, პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რაც დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით 60 მილიონი ლარია.

“ევროპის საბჭოს სტრუქტურული ერთეულის GRECO-ს რეკომენდაციაა, რაზეც ეუთო/ოდირს მითითება აქვს გაკეთებული, რომ აღნიშნული მიმართულებით თანხა შემცირდეს. შევთანხმდით და წარვადგინეთ ინიციატივა, რომ აღნიშნული პროცენტი განახევრდეს და 0.1%-ის ნაცვლად, 0.05% იყოს. დღევანდელი გადათვლით, მშპ-ს მოცულობიდან გამომდინარე ეს 30 მილიონი ლარია“, - განაცხადა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.