უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონები უსაფრთხოებისთვის დამატებით სუბსიდიებს ითხოვენ

უკრაინის ოკუპირებული, დონეცკისა და ლუგანსკის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონების მმართველები ფედერაციის მთავრობისგან „უსაფრთხო ქალაქის“ სისტემის დანერგვას მოითხოვენ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის, დენის მანტუროვისადმი გაგზავნილ მიმართვაში წერია, რაც РБК-ს სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა.

უკრაინის მოსაზღვრე რეგიონები ფედერალური ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფას ითხოვენ, რომ ადგილზე ე.წ. უსაფრთხო ქალაქის ტექნიკურ-პროგრამული კომპლექსი დაინერგოს. ინფორმაციას, ასევე, ამ პროგრამის დანერგვაზე შექმნილ უწყებათაშორის კომისიასთან დაახლოებული წყარო ადასტურებს.

კურსკის, ბრიანსკის, ბელგოროდისა და როსტოვის ოლქების გუბერნატორების წერილები აგვისტოს ბოლოს-სექტემბრის დასაწყისში მომზადდა და გაიგზავნა. РБК-ის თანამოსაუბრის თქმით, კიდევ ოთხი რეგიონის, ოკუპირებული ყირიმის, სევასტოპოლის, ვორონეჟის ოლქისა და კრასნოდარის მხარის მმართველები, ასევე, გეგმავენ, მანტუროვს ანალოგიური თხოვნით მიმართონ. სააგენტოს წყარო აცხადებს, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ შესაბამისი სუბსიდიის ორ ეტაპად გამოყოფა განიხილა, გუბერნატორები კი დაფინანსებას პირდაპირ ფედერალური ბიუჯეტიდან ითხოვენ.

მაგალითად, ბელგოროდის ოლქის მთავრობის გათვლით, რეგიონში „უსაფრთხო ქალაქის“ სისტემის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 1,75 მლრდ რუბლს (29 349 443 დოლარს) შეადგენს. გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამ თანხის გამოყოფას ფედერალური ბიუჯეტიდან ითხოვს. კურსკის ოლქის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის წერილში ანალოგიური მიზნებისთვის 1,5 მლრდ რუბლი (25 156 665 დოლარი) არის მოთხოვნილი. თუ რა თანხა მოითხოვეს სხვა რეგიონებმა, РБК-ის თანამოსაუბრე არ აზუსტებს, თუმცა უწყებათაშორის კომისიასთან დაახლოებული წყარო აცხადებს, რომ ორი წლის განმავლობაში რვა ოლქის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 13,7 მლრდ რუბლის (229 764 212 დოლარის) დახარჯვა იგეგმება.

„უსაფრთხო ქალაქის“ სისტემა საგანგებო სიტუაციების შესახებ მონაცემებს აგროვებს და ამუშავებს. ტექნიკურ-პროგრამული კომპლექსი ოთხ ბლოკად გაერთიანებულ 150-მდე სისტემას მოიცავს. ეს ბლოკებია: სატრანსპორტო უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, მოსახლეობის, ურბანული, კომუნალური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და სამსახურებისა და უწყებების მუშაობის კოორდინაცია. სისტემაში მონაცემები სხვადასხვა გადამცემით, გაზის ანალიზატორებით, სენსორებითა და ვიდეოფიქსაციის კამერებით შედის.

ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ „უსაფრთხო ქალაქის“ ტექნიკურ-პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექსის განვითარება 2007 წელს დაიწყო, ხოლო კონცეფციის ამჟამინდელი ვერსია 2014 წელს გამოჩნდა.

РБК-ის ცნობით, ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში, ასევე, ყირიმის ჩრდილოეთით და სევასტოპოლში ტერორისტული საფრთხის ე.წ. ყვითელი დონე აპრილის შუა რიცხვებიდან მოქმედებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ