უკრაინა აპრილის შემდეგ პირველმა სამგზავრო თვითმფრინავმა დატოვა

2022 წლის აპრილის შემდეგ პირველად, უკრაინიდან სამგზავრო თვითმფრინავი გაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი, სერვის Flightradar-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თვითმფრინავი Airbus A320 სამშაბათს ქალაქ ლვოვიდან აფრინდა და პოლონეთში დაეშვა. აქამდე ავიალაინერი ლვოვში რამდენიმე თვე რჩებოდა. ტელეკომპანიის მტკიცებით, ეს არის პირველი კომერციული რეისი 2022 წლის აპრილიდან მოყოლებული, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელდა.

„ვადასტურებთ რომ A320 HA-LWS ლვოვიდან კატოვიცეს მიმართულებით გაფრინდა,“ - განუცხადეს ტელეკომპანიას Flightradar-ში. ამასთან, უცნობია თვითმფრინავის გაფრენის ზუსტი დრო, ვინაიდან ეკიპაჟმა მხოლოდ პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ჩართო ტრანსპორდერი, მანამდე ის უსაფრთხოების მიზნით იყო გამორთული.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თვითმფრინავი ეკუთვნოდა უნგრულ ავიაკომპანიას Wizz Air-ს, თუმცა არ ზუსტდება ინფორმაცია, ამ დროისთვის ეს კომპანია იყენებს მას თუ არა. თავად კომპანიაში აცხადებენ რომ მათი კუთვნილი 3 თვითმფრინავი კიევში იმყოფება.

როგორც ცნობილია, უკრაინის საჰაერო სივრცე კომერციული ფრენებისთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან დახურულია და ამ დრომდე არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია ცის გახსნის შესახებ.

კოკა კვირკველია