გერმანიის მთავრობა ისტორიაში პირველად გაზის იმპორტიორი კომპანიის ნაციონალიზაციას განიხილავს

გერმანიის მთავრობა გაზის იმპორტიორ Uniper-ში თავისი წილის 50%-ზე მეტად გაზრდის შესაძლებლობას სწავლობს, რითიც ისტორიაში პირველად ქვეყნის უმსხვილესი კომპანიის ნაციონალიზაციას მოახდენს. ამის შესახებ Bloomberg-ს ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს.

Bloomberg-ის თანამოსაუბრეების ცნობით, მას შემდეგ, რაც Uniper-მა, დაახლოებით, 20 მლრდ დოლარის მხარდაჭერის პაკეტი გამოიყენა, კომპანიას დამატებითი სახელმწიფო დახმარება სჭირდება. Bloomberg-ის შეფასებით, მთავრობის მიერ გაზის იმპორტიორის ნაციონალიზაციის იდეა ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრმა ზრდამ და რუსეთიდან მიწოდების შემცირებამ განაპირობა. კომპანიას მილიონობით დოლარის ყოველდღიური ზარალი მიადგა. ამ ყველაფერმა მთავრობა აიძულა, ივლისში კომპანიის გადასარჩენად თავისი წილი 30%-მდე გაეზარდა.

„გერმანიის მთავრობა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში გადადგას ისტორიული ნაბიჯი ქვეყნის უმსხვილესი გაზის იმპორტიორის სრული ნაციონალიზაციისთვის, რომ ენერგეტიკული სისტემის კოლაფსი თავიდან აიცილოს,“ - წერს Bloomberg.

ნაციონალიზაციის შემთხვევაში, Uniper-ის მშობელი ფინური კომპანია, Fortum Oyj გადაწყვეტილების მიღების დროს ხმის მიცემის უფლებას მიიღებს. მოლაპარაკებები ფინეთის მთავრობასთან მიმდინარეობს, რომელიც Fortum-ის მთავარი მფლობელია. გერმანიამ ადრე განაცხადა, რომ კომპანიაში ფინური წილის გამოსყიდვას არ აპირებს.

გავრცელებულ განცხადებაში Uniper ადასტურებს, რომ განხილვის ერთ-ერთი ვარიანტი „სააქციო კაპიტალის პირდაპირი ზრდაა, რაც გერმანიის მთავრობის მნიშვნელოვან მაჟორიტარულ მონაწილეობას განაპირობებს.“

„აუცილებლად გასათვალისწინებელია Uniper-ის გაუარესებული საოპერაციო გარემო და ფინანსური მდგომარეობა,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Bloomberg-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შედეგად Uniper-ის ზარალი წლის ბოლომდე 18 მლრდ დოლარს გადააჭარბებს, ხოლო იმპორტიორის ნაციონალიზაცია მცირე ინვესტორებს კომპანიის დატოვების საშუალებას მისცემს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ