გადასახადის გადამხდელთა გარკვეულ კატეგორიას საგადასახადო დავალიანების გადახდა აღარ მოუწევს

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გადასახადის გადამხდელთა გარკვეულ კატეგორიას საგადასახადო დავალიანების გადახდა აღარ მოუწევს, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა: ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება;

ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება;

გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.

"დღეის მდგომარეობით, "ა" ქვეპუნქტის მიხედვით 179 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო და 40 368 811.30 ლარი; "ბ" ქვეპუნქტის მიხედვით 87 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება 414 550,00 ლარი; "გ" ქვეპუნქტის მიხედვით 2624 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება 1 874 827,40 ლარი", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მათივე ცნობით, შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც თავისი ინიციატივით, ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში.