„კომერციული ბანკების მომსახურების გაიაფებას უნდა მოველოდოთ“ - რა სარგებელს მიიღებს საქართველო ერთიან ევროგადახდის სისტემაში გაწევრიანებით

„კომერციული ბანკების მოსახურების გაიაფებას უნდა მოველოდოთ,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, ერთიანი ევროგადახდის სისტემაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) ქვეყნის გასაწევრიანებლად მომზადებულ 1 700 გვერდიან კანონპროექტს, რომელიც დაჩქარებული წესით იქნა განხილული, მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ერთიან ევროპულ გადახდებში მონაწილეობაზე განაცხადი ამ დღეებში გაკეთდება, თუმცა სხდომა ნოემბერში ტარდება, რომლისთვისაც ისინი მზად უნდა იყვნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ამ კანონის მიღებით. პირველ რიგში, რომ განვმარტოთ, რას ნიშნავს ევროპის ერთიანი საგადასახადო არეალი - ეს არის ერთიანი ტექნიკური და იურიდიული მოთხოვნები, ყველა საგადახდო სისტემის მონაწილეთათვის, რომლის გადახდაც ნებისმიერი ბანკიდან ერთი პრინციპით მოქმედებს. ასევე ერთი და იგივე ეფექტიანობა გააჩნია და ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე დანახარჯებიც. ჩვენ გვეძლევა საშუალება გავწევრიანდეთ და როდესაც ჩვენი მეწარმე გადაწყვეტს გადახდას, იგივე პირობებით ისარგებლებს, როგორითაც მაგალითად გერმანელი, პოლონელი ან ფინელი მეწარმე სარგებლობს.

დღეს არსებულ გადახდებთან შედარებით, განსხვავება დიდი იქნება. მაგალითად, თუ ევროთი გადარიცხვა დღეს ჯდება 20 ევრო, SEPA-გადახდები ზოგ ქვეყანაში 2 ან 3 ევრომდე ჯდება, ეს დამოკიდებულია საბანკო სექტორის ეფექტიანობაზე, კონკურენციაზე და ა.შ. თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვნად გაიაფდება. ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს მრავალ დებულებას, რომელიც კონკურენციის ზრდას ხელს უწყობს. მათ შორის ბანკების სფეროში. საგადახდო სფერო უკვე იხსნება არასაბანკო მონაწილეებისთვის და შესაბამისად, ამ ბაზარზე კონკურენციის მნიშვნელოვან ზრდას მოველით. ეს ჩვენი ბაზრისთვისაც კარგი იქნება და ჩვენი მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ევროპიდან საქართველოში ფულს რიცხავენ და ასევე ბიზნესისთვის, რომლებიც საქართველოდან ევროპაში ან პირიქით, გადახდებს აწარმოებს, შესაბამისად, არის მოლოდინები, რომ ბრუნვები გაიზრდება და ევროპასთან ინტეგრაციაც უფრო გამარტივდება,“ - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისი თქმით, კანონზე საგადასახადო სისტემების შესახებ, რომელიც ევრო დირექტივას შეესაბამება, მათ მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყეს და გარკვეული მუხლები უკვე ძალაშია და მოქმედებს.

„დღესაც არის არასაბანკო მონაწილეები ბაზარზე, რომლებიც გარკვეული რეგულაციების ქვეშ ექცევიან. თუმცა, განსხვავება ის არის, რომ შემოდის ორი ახალი მომსახურება: ანგარიშზე წვდომის და გადახდის ინიცირების მომსახურება. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვეულებრივ ფინტექ-კომპანიას, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს რეგულაციის ქვეშ, ამ ფინტექ-კომპანიის აპლიკაციით თქვენ შეგეძლებათ თქვენი ანგარიშები მართოთ და გადახდები აწარმოოთ. გამომდინარე იქიდან თუ რა სერვისს გააკეთებს ეს არასაბანკო სექტორის მომსახურება, ანუ, რაც უფრო მარტივი პროცედურაა გასაკეთებელი, მით უფრო ნაკლები რეგულაციები ექნება. შესაბამისად, ეს კანონიც ამ მოთხოვნებს განსაზღვრავს. ერთ-ერთი ნაწილი ამ კანონის არის ღია ბანკინგი და ამ კუთხით უკვე მიდიოდა მუშაობა. ღია ბანკინგი ნიშნავს, რომ ერთი ბანკის აპლიკაციით მე შემიძლია სხვა ბანკებში ჩემი ანგარიშები ვმართო და არასაბანკო მონაწილეებისთვის ეს სფეროც იხსნება,“ - აღნიშნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ეს ყველაფერი ფასების მეტ გამჭვირვალობას გამოიწვევს, რადგან საგადასახადო პროვაიდერები ვალდებულები იქნებიან, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებელს, ასევე ეროვნული ბანკი ტარიფებზე მოაგროვებს ინფორმაციას, რომელიც სებ-ის საიტზე გამოქვეყნდება და მომხმარებელს საშუალება ექნება, სასურველი ბანკის ტარიფი აირჩიოს, შესაბამისად ბანკიდან ბანკში გადარიცხვები გამარტივდება და გაიაფდება.

„ბანკი არის მსხვილი მოთამაშე და მას მეტი რესურსი აქვს, მაგრამ კონკურენცია აუცილებელია და ის ბანკებს აიძულებს, უფრო მოქნილი სერვისები შესთავაზოს მომხმარებელს და საბოლოო ჯამში სწორედ მომხმარებელი დარჩეს მოგებული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ამ კანონში ის არის, რომ მომხმარებელთა უფლებები მკვეთრად დაცული ხდება. ეს წინა კანონშიც იყო, მაგრამ ახლა მეტად დაზუსტდა. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ზარალდებიან და აქ უფრო მეტად არის გაწერილი ბანკის პასუხისმგებლობა. შეიქმნება ეროვნულ ბანკთან დავების საბჭო, რომელიც უფრო მოქნილი იქნება და იმის მაგივრად, რომ მომხმარებელი წავიდეს სასამართლოში, რომელიც საკმაოდ გრძელი პროცესია, მოვა გადახდების საბჭოში და ამ საქმეში ჩახედული პროფესიონალები სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას. საბოლოო ჯამში, ჩვენ მოველით, რომ ქვეყანაში ბანკებისა და მომხმარებლების ზარალიც მკვეთრად შემცირდება.

„პირველ რიგში საქართველო უნდა გაწევრიანდეს SEPA-არეალში, შემდეგ უკვე კონკრეტული კომერციული ბანკები და არასაბანკო მეწარმეები უნდა გაწევრიანდნენ და დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რაც კანონით არის გაწერილი. 2021 წელს ჩატარდა კვლევა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დაკვეთით, სადაც შესწავლილი იყო თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში, რათა მივიღოთ მონაწილეობა SEPA -ში. ჩვენ ამას ადგილობრივი ბაზრისთვის ისედაც ვაკეთებდით და რაც იყო დარჩენილი, კონცენტრირება სწორედ იმაზე გავაკეთეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეფასებით, მოთხოვნებს სრულად ვაკმაყოფილებთ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ცვლილება 1 700 გვერდი იყო და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული ცვლილებები მოგთხოვონ,“ - აღნიშნა მესტვირიშვილმა.

მესტვირიშვილმა აღნიშნა, რომ ძირითადი ვალდებულებები ხარჯებთან დაკავშირებით მათ უკვე გაკეთებული აქვთ, ამიტომ „უნდა მოველოდოთ კომერციული ბანკების მოსახურების გაიაფებას“.

„ამ მიმართულებით ჩვენ სხვა ნაბიჯებზეც ვმუშაობთ, ეს არის მყისიერი გადახდის სისტემა, რომელზეც ვაპირებთ ცოტა ხანში ტენდერის გამოცხადებას. ეს გულისხმობს, რომ ერთი ბანკის მომხმარებლის მიერ მეორე ბანკის მომხმარებელთან გადარიცხვა მაქსიმუმ 10 წამში მოხდება და ამასთან, მინიმალური ხარჯებით. დაახლოებით წელიწადნახევარში ეს ყველაფერი საქართველოშიც შესაძლებელი იქნება. ძირითადი ცვლილება იქნება ახალი სისტემა, აიტი პლატფორმა. ამაზე მსოფლიო ბანკთან ერთად ვმუშაობთ,“ - განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას.

ეკა დარჩიაშვილი