„ეროვნულ ბანკთან დავების საბჭო შეიქმნება - მოველით, რომ ქვეყანაში ბანკებისა და მომხმარებლების ზარალიც მკვეთრად შემცირდება“

„მოველით, რომ ქვეყანაში ბანკებისა და მომხმარებლების ზარალიც მკვეთრად შემცირდება,“- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მესტვირიშვილმა გადაცემაში „საქმე“ერთიანი ევროგადახდის სისტემაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ისაუბრა. ცნობისთვის, პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) ქვეყნის გასაწევრიანებლად მომზადებულ 1 700 გვერდიან კანონპროექტს, რომელიც დაჩქარებული წესით იქნა განხილული, მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტთა პაკეტით მომზადებული ცვლილებები SEPA-ში გაწევრიანების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს და 21 კანონს შეეხება.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ის არის, რომ მომხმარებელთა უფლებები მკვეთრად დაცული ხდება. ეს წინა კანონშიც იყო, მაგრამ ახლა მეტად დაზუსტდა. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ზარალდებიან და აქ უფრო მეტად არის გაწერილი ბანკის პასუხისმგებლობა.

შეიქმნება ეროვნულ ბანკთან დავების საბჭო, რომელიც უფრო მოქნილი იქნება და იმის მაგივრად, რომ მომხმარებელი წავიდეს სასამართლოში, რომელიც საკმაოდ გრძელი პროცესია, მოვა გადახდების საბჭოში და ამ საქმეში ჩახედული პროფესიონალები სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას. საბოლოო ჯამში, ჩვენ მოველით, რომ ქვეყანაში ბანკებისა და მომხმარებლების ზარალიც მკვეთრად შემცირდება,“- აღნიშნა მესტვირიშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი