კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინეს და „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე" იმსჯელეს.

პარლამენტის ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების წევრებს საკითხები განსახილველად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე და შედეგად ეკონომიკის შემცირება განაპირობა თუმცა, გასული წლის მეორე კვარტლიდან საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაიწყო და ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა 10,4% შეადგინა.

„2022 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, სადაც პროგნოზირებული იყო, რომ საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი გაიზრდებოდა დაახლოებით 13%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი იქნებოდა 70%-ის ფარგლებში თუმცა, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი", - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი ინფორმაციით, ჯამში, შვიდ თვეში, ეკონომიკური ზრდა 10,7%, შეადგინა, რამაც მოგვცა საშუალება, რომ გაზრდილიყო წლიური პროგნოზი 8,5%-მდე.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 35.4 %-ით მეტია. მისივე თქმით, გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ასევე, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი.

რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებს, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 7 871 000.0 ათასი ლარით თუმცა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 8 045 069.7 ათასი ლარი. ასევე, საანგარიშო პერიოდში ზედმეტად გადახდილი გადასახადების (დღგ) დაბრუნების მაჩვენებელმა შეადგინა 1 098 198.7 ათასი ლარი.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი დაგეგმილთან შედარებით გადაჭარბებითაა შესრულებული და შეადგინა 104,1%. რაც შეეხება გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელს იგი განსაზღვრული იყო 6 748 920.0 ათასი ლარით, ხოლო საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 6 768 743.9 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.3%. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 169 834.6 ათასი ლარით და მობილიზებული იქნა 227 340.7 ათასი ლარი. სხვა შემოსავლებმა საპროგნოზო მაჩვენებლის 148.3% შეადგინა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, მომხსენებლის ინფორმაციით დაგეგმილი იყო 19 მლრდ 171 მლნ ლარის ოდენობით, და 6 თვეში გაწეული საკასო ხარჯმა შეადგინა 8 მლრდ 775 მლნ, რაც დაგეგმილ მაჩვენებელთან მიმართებაში არის 96,6%.

„ჯამში შვიდ თვეში, გვაქვს ეკონომიკური ზრდა 10,3%, რამაც მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზარდა წლიური პროგნოზიც 6%-ის ნაცვლად 8,5%-მდე. ეს არის ის პარამეტრები, რამაც მოგვცა საშუალება გადაგვეხედა 2022 წლის ბიუჯეტის პარამეტრების წლიური პროგნოზებისთვის და დაგვეწყო მსჯელობა მის ცვლილებებზე. მაშინ, როდესაც დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური პარამეტრები გვაქვს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვალის და დეფიციტის შემცირება უზრუნველვყოთ, ამიტომ პირველ რიგში სწორედ ამ მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები. ჩვენ ვიღებთ 700 მლნ ლარით ნაკლებ ვალს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ხარჯებს ვამცირებთ. ვალის ნაცვლად ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლები ფარავს იმ ხარჯვით ნაწილს რაც გათვალისწინებული გვქონდა ბიუჯეტში", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 1 266,0 მლნ ლარის ოდენობით.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 489,7 მლნ ლარით და შეადგენს 19 852,3 მლნ ლარს.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, წარმოდგენილი ცვლილებით სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 19 651,2 მლნ ლარს, რაც დამტკიცებული გეგმასთან შედარებით გაზრდილია 480,1 მლნ ლარით.

საბიუჯეტო ასიგნებების ცვლილებები დაგეგმილია შემდეგი მიმართულებებით:

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 210,0 მლნ ლარით;გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები 150.0 მლნ ლარით; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 80,0 მლნ ლარით; თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 80.0 მლნ ლარით;შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება იზრდება 70,0 მლნ ლარით;კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 43.0 მლნ ლარით;იუსტიციის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 10.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 320,6 მლნ ლარის ოდენობით;

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელები ჯამურად მცირდება 167.3 მლნ ლარით და განისაზღვრება 3 207,0 მლნ ლარის ოდენობით. გასათვალისწინებელია, რომ დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის და შესაბამისად გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების პროგნოზებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დღგ-ის გაზრდის შედეგად მიიღებენ 1 366,7 მლნ ლარს, რაც 100,3 მლნ ლარით აღემატება თავდაპირველ პროგნოზს.

მომხსენებელმა კომიტეტების წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი დაზუსტებებიც გააკეთა, რის შემდგომაც დეპუტატებმა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.