Adobe კომპანია Figma-ს 20 მლრდ დოლარად ყიდულობს

ამერიკული კომპანია Adobe Inc., რომელიც მსოფლიოს უსმხვილესი კომპანიაა გამოსახულებების დამუშავებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფისთვის, აცხადებს რომ 20 მლრდ დოლარად ყიდულობს ინტერფეისების შექმნაზე სპეციალიზირებულ კომპანიას Figma. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

კონტრაქტის თანახმად, თანხის გადახდა მოხდება როგორც აქციების ასევე პირდაპირი ფულადი სახსრებით. შეთანხმების საბოლოო გაფორმება 2023 წელსაა დაგეგმილი, მას შემდეგ, რაც კომპანია მიიღებს თანხმობას ამერიკის მარეგულირებელი ორგანოებისგან და Figma-ს აქციონერებისგან.

Figma-ს შეძენა გახდება კომპანიისთვის ისტორიულად ყველაზე მსხვილი შესყიდვა. ამ ნიშნით მეორე ყველაზე მსხვილი შენაძენი კომპანიას 2018 წელს ჰქონდა, როცა 4,75 მლრდ დოლარად იყიდა Marketo Inc.

Figma, რომლის ცენტრალური ოფისიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, 2011 წელსაა დაარსებული. მისი სერვისი მოიცავს მომხმარებლებისთვის ონლაინ დიზაინის შექმნას, როგორც სმარტფონებისთვის ასევე საიტებისთვის. მისი ძირითადი აქციონერები არიან ვენჩურული კომპანიები.

კოკა კვირკველია