"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის ფაქტების კანონით დასჯის ინიციატივით გამოდის

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზების ინიციატივით გამოდის.

ორგანიზაციამ მოამზადა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი, რომელსაც დაემატება 332-ე პირველი პრიმა მუხლი, საჯარო სამსახურში კონკურსის წესის დარღვევა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს იმ პირთა დასჯას, რომლებმაც კონკრეტული პირისთვის საჯარო სამსახურში მიღებისას უპირატესობის მინიჭების მიზნით განზრახ დაარღვია კონკურსის წესები და ამ პირს შერჩევის კრიტერიუმები განზრახ მოარგო. ასეთი შემთხვევა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინიციატივის მიხედვით, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება მრავალჯერ ჩაიდინა საჯარო მოხელემ ან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა, იგი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორგანიზაცია დიდი ხანია, სწავლობს საჯარო სამსახურში თანამშრომელთა აყვანა-გათავისუფლების საკითხებს და როგორც კვლევამ აჩვენა, საჯარო სამსახურში საკადრო პოლიტიკა ხშირად გამჭვირვალობის პრინციპების დარღვევით წარიმართება. "ეს არის კორუფციის კონკრეტული ფორმა. შესაბამისად, ვფიქრობთ, თუკი პარლამენტი ამ ნორმას მიიღებს, ეს იქნება მკაფიო გზავნილი ყველა იმ პირის მიმართ, ვინ ჩართულია ნეპოტიზმში", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

კანონპროექტს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პარლამენტში დღე შეიტანს, რის შემდეგაც შესაბამისმა კომიტეტმა 20 დღის ვადაში უნდა განიხილოს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" იმედოვნებს, რომ კანონპროექტი კომიტეტის წევრების უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებს და კომიტეტის მიერ დარეგისტრირდება საკანონმდებლო ინიციატივით ან თუ არადა, კანონპროექტის დარეგისტრირებას რომელიმე დეპუტატი აიღებს საკუთარ თავზე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კანონპროექტი ასევე ახდენს იმ პირის მიერ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების კრიმინალიზაციას, რომლის სასარგებლოდაც დაირღვა კონკურსის პირობები, თუ მან ამის შესახებ იცოდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" მიიჩნევენ, რომ ასეთი ნორმების მიღება ხელს შეუწყობს როგორც ნეპოტიზმთან ბრძოლას, ისე პოლიტიკურ პატრონაჟთან ბრძოლას, რომელიც საქართველოში ასევე პრობლემას წარმოადგენს.