სოლომონ პავლიაშვილმა ღონისძიება „დავასუფთაოთ მსოფლიო - 2022“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ღონისძიება „დავასუფთაოთ მსოფლიო - 2022“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო - 2022“ დევიზია: „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“.

„მოგეხსენებათ, სახელმწიფოსთვის გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ნარჩენების მართვის სტრატეგია, ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გარემოს ნარჩენებისგან დაცვის სახელმძღვანელოს წარმოადგენს. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით, დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს. თვალსაჩინოა პროგრესი და მოქალაქეების მიდგომების ცვლილება გარემოს სისუფთავეზე ზრუნვისა და დაცვის მიმართულებით, რაც სახელმწიფოს, დონორი ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები - საქართველოს” თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ სახელმწიფოს, დონორებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი წარმატებული პროექტია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 16-18 სექტემბერს, კამპანიის ფარგლებში, დასუფთავების აქციები ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.

„კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო - 2022“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მნიშვნელოვანია, რომ კამპანიაში 133-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. საქართველო აღნიშნულ კამპანიაში 2010 წლიდან მონაწილეობს.

კამპანიას, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ ახორციელებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ღონისძიებას, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.