Tesla-მ  გერმანიაში აკუმულატორების წარმოების დაწყება გადაიფიქრა

ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Tesla Inc. შეაჩერა გეგმა რომელიც ითვალისწინებდა აკუმულატორების წარმოებას გერმანიაში. აღნიშნულის მიზეზი კი ამერიკის ხელისუფლების მიერ წამოწყებული საგადასახადო შეღავათების პროგრამაა, რომელიც კომპანიას მნიშვნელოვან ხარჯებს დაუზოგავს.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, Tesla განიხილავს აკუმულატორების წარმოებისთვის საჭირო მოწყობილობის ამერიკაში გაგზავნას, რომელიც აქამდე ბერლინის ქარხნისთვის იყო განკუთვნილი. როგორც გაზეთი წერს, აშშ-ში ელემენტების წარმოების გაზრდა Tesla-ს საშუალებას მისცემს ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონის Inflation Reduction Act (IRA) ბენეფიციარი გახდეს და შედეგად საგადასახადო შეღავათები მიიღოს.

ანალიტიკოსების შეფასებით, კანონით გათვალისწინებული შეღავათები კომპანიას აკუმულატორების გამოშვებისთვის საჭირო ხარჯების მესამედს დაუზოგავს, იმ შემთხვევაში თუ მათი წარმოება მოხდება აშშ-ს ტერიტორიაზე. IRA ასევე ითვალისწინებს 7,5 ათასი დოლარის გადახდას იმ ელექტრომობილების მყიდველებისთვის, რომელშიც გამოყენებულია ელემენტები, რომელიც განსაზღვრულ ნორმებს აკმაყოფილებს.

ექსპერტების აზრით, Tesla რომელიც იაპონურ Panasonic Holdings Corp-თან ერთად აწარმოებს ელემენტებს ნევადას შტატში, სავარაუდოდ, გახდება ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი ახალი სტიმულების.

კოკა კვირკველია