გერმანიის მთავრობამ „როსნეფტს“ აქტივები ჩამოართვა

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში მდებარე რუსული „როსნეფტის“ აქტივების კონფისკაცია მოახდინა. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია, რასაც რუსული Forbes ავრცელებს.

მასში ნათქვამია, რომ მთავრობამ, ენერგეტიკული უსაფრთხოების კანონის საფუძველზე, კომპანიები, Rosneft Deutschland GmbH და RN Refining & Marketing GmbH ფედერალურ ქსელის სააგენტოს ნდობის მენეჯმენტს გადასცა. ამგვარად, ფედერალური ქსელის სააგენტო Rosneft Deutschland-ს, ასევე, სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ქალაქ შვედტის PCK-ში, კარლსრუეს MiRo-სა და ფობურგის Bayernoil-ში შესაბამის წილებს აკონტროლებს.

„როსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტმა და პრესმდივანმა, მიხაილ ლეონტიევმა Forbes-ს განუცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიის ოფიციალური განცხადება მალე გამოქვეყნდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ